გვაქვს ხედვა როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს რკინიგზა, როგორ უნდა გაზარდოს გამტარუნარიანობა და როგორ უნდა გახდეს მეტად ეფექტიანი - თამარ იოსელიანი
გვაქვს ხედვა როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს რკინიგზა, როგორ უნდა გაზარდოს გამტარუნარიანობა და როგორ უნდა გახდეს მეტად ეფექტიანი, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.
„რკინიგზა არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ავითარებს როგორც ჩვენს სატრანსპორტო ქსელს, ასევე შუა დერეფნისთვისაც უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს რკინიგზა, როგორ უნდა გაზარდოს გამტარუნარიანობა და, შესაბამისად, როგორ უნდა გახდეს ბევრად უფრო ეფექტიანი, ვიდრე დღეს არის.
აქედან გამომდინარე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დამეთანხმებით, არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა გატარდა საქართველოს რკინიგზაში. ახალი მენეჯმენტის პირობებში მოხდა შესაბამისი ოპტიმიზაციები როგორც საკადრო, ასევე შესყიდვების კუთხით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გუშინ, მთავრობის სხდომაზე, შეაჯამა, თუ რა ცვლილებები განხორციელდა საქართველოს რკინიგზაში.
ეს ცვლილებები ციფრებშიც აისახა: წმინდა მოგება გაორმაგდა, ასევე საოპერაციო მარჟა დაახლოებით 10 პუნქტით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ესეც ადასტურებს იმ ცვლილებებს, რომლებიც საქართველოს რკინიგზაში განხორციელდა.
საქართველოს რკინიგზაში არაერთი მიმართულებით ვახორციელებთ რეფორმებს. ეს არის როგორც ინფრასტრუქტურის განვითარება და გადაიარაღება, ასევე საოპერაციო პროცესების გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, მგზავრთა გადაყვანის მიმართულებით შესაბამისი პროცესებია დაწყებული და ტვირთის გადაზიდვის დროის კუთხითაც საქართველოს რკინიგზა განვითარდა.
აქვე მოვიყვან რამდენიმე მაგალითს, თუ რა ხდება და რა ხორციელდება. ჩვენ უკვე დავიწყეთ 50 ახალი ელექტრომატარებლის შეძენის პროცესი, რაც, დამეთანხმებით, ისტორიული მოვლენაა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ხდება მსგავსი ტიპის მასშტაბური შესყიდვა. ეს დაახლოებით ერთი მილიარდი ლარის ინვესტიციაა, რათა მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოს რკინიგზას 50-მდე ახალი ლოკომოტივი ჰყავდეს.
ამასთანავე, ჩვენ უკვე დავიწყეთ სავაგონო პარკის განახლება. შევიძინეთ 200 ახალი ვაგონი. აღნიშნული ციფრი წლის ბოლომდე გაორმაგდება და, რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაშიც ეს რაოდენობა 2 000-მდე გაიზრდება.
დამატებით უნდა ითქვას, რომ საბაჟოსთან ერთად ვიმუშავეთ და საბაჟო პროცედურები დაახლოებით 7,5-ჯერ შევამცირეთ. თუ მანამდე ტვირთის მომსახურებისთვის დაახლოებით 12 საათი გვჭირდებოდა, აღნიშნული დრო შემცირდა და ამ მიმართულებითაც ძალიან ეფექტიანად ვმუშაობთ.
ქვეყნის გადაკვეთის დროც, რაც ტვირთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შემცირდა. დასრულდა უღელტეხილის მოდერნიზაციის პროექტი და, შესაბამისად, მონაკვეთი სრულად შევიდა ექსპლუატაციაში. გაუმჯობესდა პროცესები და ისიც შევძელით, რომ თბილისი-ბათუმის რეისის ხანგრძლივობა მგზავრებისთვის დღეს უკვე 4 საათია, 5 საათისა და 30 წუთის ნაცვლად.
დამატებითი ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ მგზავრებს კომფორტულად მოვემსახუროთ. 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვა უკვე დაწყებულია, ხოლო ხუთი მატარებლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შესაბამისად, მომდევნო წლიდან ისინი უკვე ოპერირებას დაიწყებენ და ჩვენ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვეყოლება ახალი, თანამედროვე მატარებელი.
აქვე დავამატებდი ახალციხის მიმართულებას, რომელზეც ოპერირებას ძალიან მალე დავიწყებთ. ახალციხეში მგზავრები ექვსი საათის ნაცვლად სამი საათში შეძლებენ ჩასვლას.
ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რომელიც ივნისიდან სრულად შევიდა ექსპლუატაციაში. საგრძნობლად გაიზარდა ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით ტვირთბრუნვა.
ზოგადად, ტვირთბრუნვას თუ შევეხებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს - ეს არის 13%-იანი მატება. ჩვენ უკვე მოვემსახურეთ ცხრა თვის განმავლობაში 11 მილიონ ტონა ტვირთს.
საზღვაო ნავსადგურებშიც ძალიან მაღალი მაჩვენებლები გვაქვს - კონტეინერების მიმართულებით 25%-იანი მატებაა, ხოლო ზოგადად, დაახლოებით 10%-იანი ზრდა ფიქსირდება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახეობის ტვირთის მოცულობაც გაიზარდა. დაემატა ტვირთის ახალი კატეგორიებიც, რაც უმნიშვნელოვანესია.
საზღვაო ნავსადგურებთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით ვაფართოებთ ჩვენს გამტარუნარიანობას და ვზრდით იმ სიმძლავრეებს, რომლებიც აუცილებელია გაზრდილი მგზავრთნაკადის მოსამსახურებლად.
მნიშვნელოვანია საავტომობილო ტრანსპორტიც. დამეთანხმებით, ამ მიმართულებითაც დაახლოებით 3%-იანი მატება გვაქვს. საავიაციო სექტორშიც ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება. საავიაციო გადაზიდვებში დაახლოებით 30%-იანი მატება გვაქვს, ხოლო მგზავრთნაკადის კუთხით 2%-იანი ზრდა. დამეთანხმებით, ესეც ძალიან კარგი შედეგია, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში საავიაციო სექტორში არსებული გამოწვევების ფონზე საქართველოში ტურისტული ნაკადები იზრდება“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.
სხვა სიახლეები
FMCG სექტორის ჯამური შემოსავლები წლიურად 11.0%-ით გაიზარდა 1H26-ში, ყველაზე მაღალი ზრდა ბრენდულ ქსელებს ჰქონდათ | Galt & Taggart
09.10.2026.11:00
Galt & Taggart განახლებულ კვლევას აქვეყნებს „FMCG სექტორი საქართველოში“. ანგარიშში განხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები.
„2026 წლის პირველ ნახევარში, FMCG ბაზრის შემოსავლები წლიურად 11.0%-ით გაიზარდა და 13.1 მლრდ ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ზრდა ბრენდულ ქსელებს ჰქონდათ - 12.8%, არაბრენდული მაღაზიების შემოსავლები 12.0%-ით, ხოლო სხვა ფორმატების 8.1%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში FMCG ინფლაციამ 7.0% შეადგინა. მთლიან FMCG შემოსავლებში ბრენდული ქსელების წილმა 41.1% შეადგინა (vs 40.4% 1H25-ში).
ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდა (+12.8% წ/წ) ძირითადად არსებული მაღაზიების გაყიდვების ზრდით იყო განპირობებული (LFL ზრდა 10.3% წ/წ). ამასთან, 2026 წლის პირველ ნახევარში ბრენდული მაღაზიების რიცხვი 41-ით გაიზარდა. ბრენდული ქსელების შემოსავლების 56.8% თბილისზე, ხოლო 43.2% რეგიონებზე მოდიოდა 1H26-ში. ერთი მაღაზიის საშუალო შემოსავალი თბილისში ₾1.4 მლნ, რეგიონებში კი ₾1.1 მლნ იყო.
დეილი ჯგუფი ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, მეორე ადგილზეა 2 ნაბიჯი- რომლის შემოსავლებიც საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო მესამეზე - ნიკორა. 1H26-ში დეილი ჯგუფის წილი მთლიან ბრენდული ბაზარის შემოსავლებში 27.3% იყო (vs 28.4% 1H25-ში), მეორე ადგილზეა 2 ნაბიჯი- 20.3%-იანი წილით (vs 18.2% 1H25-ში), ხოლო მესამეზე ნიკორა - 15.9%-იანი წილით (vs 16.9% 1H25) . თბილისში ბაზრის ლიდერია 2 ნაბიჯი - მისი წილი 20.5%-ს შეადგენდა (vs 19.1% 1H25-ში), მეორე ადგილზეა დეილი ჯგუფი, რომლის წილიც 19.5% იყო (vs 19.2% 1H25-ში); რეგიონებში დეილი ჯგუფი კვლავ მკაფიო ლიდერია ბაზრის 37.6%-იანი წილით, თუმცა მისი წილი შემცირებულია 1H25-ის 40.8%-დან.
ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა წლიურად შემცირდა. კლება ძირითადად გამოწვეული იყო საერთო მოგების მარჟის შემცირებითა და სახელფასო ხარჯების შემოსავალთან ფარდობის ზრდით. შერჩეული ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა 5.4%-დან 4.0%-მდე შემცირდა, ხოლო საერთო მოგების მარჟა 27.1%-დან 26.3%-მდე შემცირდა. ამასთან, 1H26-ში სახელფასო ხარჯების ფარდობამ შემოსავალთან 12.9%-ს შეადგინა, რაც 0.6 პპ-იანი ზრდაა 1H25-ის 12.3%-თან შედარებით, იჯარისა და სხვა საოპერაციო ხარჯების წილი თითქმის უცვლელი დარჩა", - აღნიშნულია ანგარიშში.