გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის სეზონური ფრენების მზარდი დინამიკა მომავალში რეგულარული რეისების დაწყების საფუძველი გახდება – გივი დავითაშვილი
ავიაკომპანია „T’way Air“-ი საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონურ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს კორეის რესპუბლიკის წამყვანი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „T’way Air“-ი სეულსა და თბილისს შორის პირდაპირი არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განხორციელებას გეგმავს.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, კერძოდ 24 აპრილიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით Airbus A330-ის და Boeing B777-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. სულ, ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის რვა ავიარეისის განხორციელება იგეგმება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის, გივი დავითაშვილის შეფასებით, საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის სეზონური ფრენების მატება და საავიაციო სფეროში ურთიერთოების გაღრმავება მიუთითებს, რომ დაინტერესება ამ მიმართულებით მზარდია და არსებობს ხელსაყრელი ნიადაგი რეგულარული ფრენების დასაწყებად.
„საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლა ეტაპობრივად იზრდება. 2024-25 წლებში ორ ქვეყანას შორის ჩარტერულ ფრენებს ავისკომპანია "კორეან ეარი" ასრულებდა, ხოლო მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ახალი კორეული ავიაკომპანია "თი-ვეი ეარი" შეასრულებს ჩარტერულ ფრენებს უფრო მეტი სიხშირით, ვიდრე გასულ წლებში.
აქვე, აღსანიშნავია რომ 2024 წელს ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც, მხარეების მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველებს შესაძლებლობა აქვთ განახორციელონ რეგულარული რეისები კვირაში 7 სიხშირით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის სეზონური ფრენების მზარდი დინამიკა მომავალში რეგულარული რეისების დაწყების საფუძველი გახდება“. - განაცხადა გივი დავითაშვილმა.
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონური არარეგულარული რეისები 2024-2025 წლების განმავლობაში შესრულდა კორეული ავიაკომპანია Korean Air-ის მიერ. 2024 წელს, ორ ქვეყანას შორის საჰაერო გზით გადაყვანილ იქნა 1077 მგზავრი, ხოლო 2025 წელს - 2233 მგზავრი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826