გვინდა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი ზუსტად გამოვიკვლიოთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რატომ არის ფასნამატები პირველადი საჭიროების პროდუქციაზე და შემდგომ ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ, ჩვენი მთავარი მიზანია, ფასებმა დაიწიოს - ლევან ჟორჟოლიანი
სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში გვინდა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი ზუსტად გამოვიკვლიოთ, ინფორმაცია გამჭვირვალედ უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, რატომ არის ფასნამატები პირველადი საჭიროების პროდუქციაზე და რასაკვირველია, ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ შემდგომ, ჩვენი მთავარი მიზანია, ფასებმა დაიწიოს, - განაცხადა გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
მისი თქმით, საქართველოში ფასები გაცილებით მაღალია ევროპულ ფასებთან შედარებით და ეს ეხება იდენტურ პროდუქტებს, რომელიც არის დახლზე როგორც ევროპაში, ისე საქართველოში.
„პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ერთ კონკრეტულ პროდუქტზე, რომელიც იყიდება ერთსა და იმავე ევროპულ და ქართულ ქსელში, ქართული ფასი სამჯერ აღემატება ევროპულს, რაც ვერანაირი ლოგიკით ვერ აიხსნება. სულ რომ იმ ბრინჯს თვითმფრინავის ბილეთი აუღო და ჩამოიყვანო, ამხელა ფასნამატი მაინც არ უნდა იყოს არანაირი ლოგიკით. ეკონომიკის სამინისტრომ პირველადი კვლევა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ საშუალოდ 86%-იანი ფასნამატია, ეს ნიშნავს, რომ სადღაც არის 150%, სადღაც - 70%, საშუალოდ 86%-ია ფასნამატი და ვფიქრობთ, კომისიის ფარგლებში ფასწარმოქმნის ჯაჭვი ზუსტად გამოვიკვლიოთ. რასაკვირველია, ეს ინფორმაცია ძალიან გამჭვირვალედ უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, რატომ არის ფასნამატები პირველადი საჭიროების პროდუქციაზე და რასაკვირველია, ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ შემდგომ. ჩვენი მთავარი მიზანია, ფასებმა დაიწიოს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826