გვინდა, რომ საერთაშორისო წამყვანი IT ძალა ჩავიდეს და იცხოვროს ქუთაისში, რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი ეკონომიკის ზრდისთვის - ავთანდილ კასრაძე
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში საერთაშორისო ბრენდის IT სკოლა გაიხსნება. ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.
„ასევე საერთაშორისო IT სკოლა ბრენდი შემოგვყავს, რომელიც არის ექსკლუზიურად სკოლის მოსწავლეებისთვის. შესაბამისად, მოსახლეობას ექნება ფუფუნება, რომ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ბავშვები წაიყვანონ ამ შენობაში და ძალიან მაღალი დონის ტრენერებთან ერთად მიიღონ წამყვანი ცოდნა.
ასევე აქ წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 150-მდე საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია შემოვიყვანეთ ქვეყანაში იმ ახალი საგადასახადო რეფორმის შედეგად რომელიც ამ სექტორს საქართველოს მთავრობამ შესთავაზა.
ჩვენ გვინდა, რომ ეს საერთაშორისო წამყვანი IT ძალა ასევე ჩავიდეს და იცხოვროს ქუთაისში, რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება იქაური უძრავი ქონების ბიზნესის მიმართულებისთვის, ასევე ქუთაისის ეკონომიკის ზრდისთვის და მეორეს მხრივ დამატებითი დასაქმების შესაძლებლობაა ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა კასრაძემ.
მისი თქმით, უკვე 15 საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მზად არიან, რომ რეგიონული ოფისები გახსნან.
„მათთვის საინტერესოა ყველა ის ხელშემწყობი მექანიზმი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ტექნოლოგიური კომპანიების მისამართით. მოგეხსენებათ, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებს აქვთ ყველაზე სწრაფად ზრდის პოტენციალი და შესაბამისად ჩვენ მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ ეს მიმართულება. საქართველოში არსებულ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი 5-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში არსებული საშუალო ხელფასი. შესაბამისად, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ მიმართულებას, რომ რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიური კომპანია იყოს და ამ მხრივ თუნდაც მუზეუმის კომპონენტი, საერთაშორისო IT სკოლის კომპონენტი, ქართველებმა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენ ვიყოთ მზად ამ საერთაშორისო კომპანიებში მუშაობისთვის, იმისთვის, რომ მივიღოთ მაღალი ხელფასი“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826