გვინდა, სწორად გვესმოდეს, რა იწვევს ასეთ მაღალ ფასნამატს თქვენს რგოლში - ჩვენი მიზანია, სწორი ინსტრუმენტების დანერგვით, გავაჯანსაღოთ სექტორში ურთიერთობები l შოთა ბერეკაშვილი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრები, სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურას, ფასწარმოქმნის ჯაჭვს და სექტორის საოპერაციო ხარჯებს, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ.
კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, დისტრიბუციის ნაწილში, ფასნამატი ძალიან მაღალია, შესაბამისად, საჭიროა დადგინდეს, რა იწვევს ამ რგოლში ფასების მატებას.
"თქვენ ხართ მსხვილი დისტრიბუტორები და ბაზარზე მნიშვნელოვანი წილი არის თქვენი. განსაკუთრებით დისტრიბუციის ნაწილში, ძალიან მაღალია ფასნამატი. არის სექტორში ფასნამატი, რომელიც სტანდარტია სხვა ქვეყნებში და სამწუხაროდ, მათთან შედარებით, ძალიან მაღალია. ჩვენი პირველადი შეფასებით, ეს არის კონკრეტული საოპერაციო ხარჯებიდან გამოწვეული და გვინდა, სწორად გვესმოდეს, რა იწვევს ასეთ მაღალ ფასნამატს თქვენს რგოლში, რასთან გვაქვს საქმე, როგორ შეგვიძლია ოპტიმიზაცია, რომ კიდევ ერთხელ სწორად დავინახოთ პრობლემები. ჩვენი მიზანია, სწორი ინსტრუმენტების დანერგვით, გავასწოროთ და გავაჯანსაღოთ სექტორში ურთიერთობები. მზად ვართ, რომ ამ საკითხზე დღეს ღია დისკუსია გვქონდეს," - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
სხვა სიახლეები
ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება - მარიამ ქვრივიშვილი
11.06.2026.20:00
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სვანეთში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის მოსაწესრიგებლად. მინისტრის განცხადებით, ოპერატორ კომპანიასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა სვანეთის სწრაფი გამრიცხველიანებისთვის, რაც უმნიშვნელოვანესი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც უშუალოდ რეგიონის, ასევე მთელი ქვეყნისთვის.
„ორი მიმართულებით მიმდინარეობს პროცესი: ერთი მხრივ, ადგილზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში აქვეყნებს პროგრესს არალეგალური მაინინგის გამოვლენის ფაქტების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, უშუალოდ ენერგეტიკული თვალსაზრისით ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ოპერატორთან, რომელთან ერთადაც ვსაზღვრავთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკს იმისთვის, რომ დაუყონებლივ და ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი, წინ გადადგმული ნაბიჯი, უპირველესად, სვანეთისთვის და ზოგადად, მთელი საქართველოსთვის" - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენა, რადგან არსებული მდგომარეობა გავლენას ახდენს სამომხმარებლო ტარიფზე.
„საქართველოს მთავრობამ საკმაოდ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც, ერთი მხრივ თქვა, რომ შენარჩუნდება არსებული სატარიფო პოლიტიკა, მაგრამ, მეორე მხრივ, უზრუნველვყოფთ ელექტროენერგიის მოხმარების ზედა ზღვრის არსებობის მოწესრიგებას იმისთვის, რომ გავმიჯნოთ საჭიროება, რომელიც უშუალოდ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას აქვს, ასევე სასტუმროებს, განთავსების ობიექტებსა და სხვა ბიზნეს მეწარმეებს, მაგრამ, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ცალსახად გასამიჯნია ელექტროენერგიის ის არალეგალური და უკანონო მოხმარება, რომელიც, თავის მხრივ,მაინინგს გულისხმობს" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.