გზათსარგებლობის მოსაკრებლიდან ბიუჯეტში 110%-ით მეტი შევიდა
ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში (შუა დერეფანი) სატვირთო ავტომობილების გატარების და შესაბამისად მიღებული შემოსავლის მაჩვენებლები მზარდია.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ტრაილერების გატარებიდან 24 011 352 ლარი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 თვეში ქვეყნის სატრანსპორტო დერეფანი 68 604 სატვირთო ავტომანქანას მოემსახურა.
ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ბიუჯეტში ტრაილერების გატარებიდან 11 447 085 ლარი შევიდა, შესაბამისად ზრდა 110%-ია.
რაც შეეხება 2022 წლის სტატისტიკას, ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებულმა შემოსავალმა 128 055347.85 ლარი შეადგინა, 2021 წელს კი 66 414 188 ლარი. 2020 წლის სტატისტიკით საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 63 064 332.19 ლარი იყო
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო სატვირთო ავტომობილებისთვის (ტრაილერებისთვის) გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.
ბიუჯეტში შემოსავლების მატება ორმა ფაქტორმა - შუა დერეფანში სატვირთო ავტომობილების ნაკადისა და გზათსარგებლობის საფასურის ზრდამ გამოიწვია.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826