ჰაერის ხარისხი, რომელიც ქვეყანაში დღეს გვაქვს, არ არის სახარბიელო. მთავარი და ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, სწორედ ავტომობილებისგან წამოსული ზემოქმედებაა, რასაც მოძველებული ავტომობილები იწვევენ - ალექსანდრე დარახველიძე
ცვლილება ამოქმედდება 2026 წლის პირველი აპრილიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ 2026 წლის პირველ აპრილამდე შეძენილი და ტრანსპორტირებადაწყებულ ავტომობილებს არ შეეხებათ ეს ცვლილებები, ხოლო თუკი ჩვენი მოქალაქეები 2026 წლის პირველი აპრილის შემდგომ საზღვარგარეთ შეიძენენ ავტომობილს, გადაწყვეტენ ქვეყანაში ჩამოყვანას, რეგისტრაციას და ქვეყნის ტერიტორიაზე მისით სარგებლობას, მათ მოუწევთ, რომ დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რაც დადგენილებაში არის განსაზღვრული, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ავტომობილი უნდა იყოს 6 წელზე ნაკლები ასაკის და უნდა იყოს ევრო 5-ის სტანდარტის.
„აღნიშნული ცვლილება არ ეხება ისეთი ტიპის ავტომობილებს, რომელიც ქვეყანაში არ რჩება და გადის რეექსპორტზე. გარდა ამისა, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ეს ცვლილება ეხება ყველა იმ ავტომობილს, რომელიც ქვეყანაში უკვე შემოყვანილი და რეგისტრირებულია. ბუნებრივია, ეს აის მტკნარი სიცრუე. ის ავტომობილები, რომელიც უკვე ჩვენს მოქალაქეებს შეძენილი აქვთ და სარგებლობენ საქართველოში, ისევ ისე გააგრძელებენ მათ განკარგვას“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
მინისტრის მოადგილემ ასევე თქვა, რომ საქართველო წლებია, მოწინავეა გზებზე დაშავებულ, ასევე გზებზე გარდაცვალებულ პირთა და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობით.
დარახველიძის განმარტებით, ჰაერის ხარისხი, რომელიც ქვეყანაში დღეს არის, არ არის სახარბიელო. მთავარი და ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, სწორედ ავტომობილებისგან წამოსული ზემოქმედებაა, რასაც მოძველებული ავტომობილები იწვევენ.
„დღემდე ჩვენი მოსახლობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საცობები, რომელიც გამოწვეულია გაზრდილი მობილობით და ქვეყანაში ავტომობილების გაზრდილი რაოდენობით. ეს ყველაფერი საქართველოს მთავრობას და აღმასრულებელ ხელისუფლებას უჩენს ვალდებულებას, რომ პერიოდულად მიიღოს ცვლილებები იმისთვის, რომ ქვეყანამ გარკვეული ნაბიჯები გადადგას“, - დასძინა ალექსანდრე დარახველიძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826