ჰიდროს ნაწილში დარჩენილი 1500 მეგავატის უკან დგანან ის ინვესტორები, რომლებიც რეალურად საქმის გამკეთებლები არიან - გიორგი მარგებაძე
ყოველწლიური ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა გვაქვს, ხოლო რაც შეეხება გენერაციას, ახალი სიმძლავრეების ექსპლუატაციაში შეყვანის ნაწილში ცოტას მოვიკოჭლებთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის თავმჯდომარემ, გიორგი მარგებაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგიის პროექტების სწრაფი განვითარება და ექსპლუატაციაში შეყვანა.
„ჩვენი ელექტროენერგიის ყოველწლიური ზრდა დაახლოებით 4%-ს შეადგენს, რაც სადღაც 400-500 მილიონ კილოვატ-საათს უდრის - ეს არის მოცულობა, რომელიც ყოველწლიურად გვემატება მოსახმარად. ვიცით, რომ ეკონომიკა იზრდება, შენდება ახალი ობიექტები, იდგმება კონდიციონერები. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უკვე ყველაფრის დატენვაზე გადავედით. გარდა ელექტრომობილებისა, კიდევ ბევრ რამეს ვტენით, მათ შორის - სიგარეტსაც კი.
შესაბამისად, ეს ყოველწლიური ზრდა გვაქვს, ხოლო რაც შეეხება გენერაციას - ახალი სიმძლავრეების ექსპლუატაციაში შეყვანის ნაწილში ცოტას მოვიკოჭლებთ. ეს ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებლად უნდა დავიწყოთ განახლებადი ენერგიების - ჰიდრო, ქარისა და მზის რესურსების სწრაფი ათვისება. აქ უკვე აღარ ისმის შეკითხვა, თუ რომელი ჯობია; ახლა მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ ამ სადგურების ექსპლუატაციაში შეყვანა, რათა წარმოებამ ჩვენი მოხმარების ზრდას გაუსწროს“, - აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ.
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის თავმჯდომარე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მუშაობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ სექტორში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. მისი თქმით, ქსელში მიერთების წესების გამკაცრებამ ბაზრიდან უკვე გააძევა ის ინვესტორები, რომლებიც ენერგეტიკულ პროექტებს რეალურად არ ახორციელებდნენ, ხოლო დარჩენილი 1500 მეგავატის ჰიდროენერგეტიკული პროექტების შედეგები მომდევნო წლებში ეტაპობრივად გამოჩნდება.
„არც მახსოვს, ბოლოს როდის გვქონდა ასეთი ურთიერთობა სამინისტროსა და ელექტროსისტემასთან - ისინი ძალიან აქტიურად არიან ჩართულები. ჩვენ ვნახეთ ბევრი ინიციატივა, რომელიც უკვე ქაღალდზეც გადავიდა და ასახვა პოვა ქსელის წესებში. ეს ცვლილებები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამაც დასტარტა, რაც მიერთების კუთხით უმნიშვნელოვანესი იყო.
როგორც ვიცით, მიერთების ნაწილში ბევრი პრობლემა გვქონდა „დაჯავშნილი“ და დაბევებული სადგურები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ ინვესტორებს მხოლოდ ქაღალდზე ჰქონდათ. ეს ნაბიჯები ზუსტად ამ პრობლემის პრევენცია იქნება. ჩვენ დავინახეთ სამინისტროს მხრიდან ძალიან მკაცრი მიდგომები. გამოჩნდა, რომ გაფორმებული 2000 მეგავატიდან დარჩა 1500, შესაბამისად, ბაზრიდან გავიდა 500 მეგავატის მოცულობა და ის „ინვესტორები“, რომლებიც ამ ფურცლებით ვაჭრობდნენ.
რა თქმა უნდა, ამის შედეგებს ასე უცებ ვერ დავინახავთ, ეს გრძელვადიან პერიოდში გამოჩნდება. ჰიდროს ნაწილში დარჩენილი 1500 მეგავატის უკან დგანან ის ინვესტორები, რომლებიც რეალურად საქმის გამკეთებლები არიან. დროთა განმავლობაში გამოჩნდება ამ პროექტების განხორციელების გეგმა-გრაფიკი, რაც ხელშესახები გახდება და ციფრებში, მათ შორის, კილოვატებშიც აისახება.
შესაბამისად, ამ პროცესს ძალიან პოზიტიურად ვაფასებ. ახლაც მიმდინარეობს ბევრი შეხვედრა და მსჯელობა იმაზე, თუ კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს და რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ჰიდროენერგეტიკა ფეხზე დადგეს. მჯერა, რომ სამინისტრო მალე კიდევ სხვა საინტერესო ინიციატივებს შემოგვთავაზებს“, - განაცხადა გიორგი მარგებაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 8%-იან ზრდას აჩვენებს - TOP 5 საექსპორტო ბაზარი
24.06.2026.13:00
საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის მიმართულებით პოზიტიური დინამიკა გრძელდება. 2026 წლის იანვარ-მაისში ქვეყნიდან 82 911.5 ათასი დოლარის ღირებულების 122 191 310 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყალი გავიდა ექსპორტზე.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მიმდინარე წლის 5 თვეში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულება 12.54%-ით გაიზარდა, ხოლო ფიზიკური მოცულობის ზრდამ 8.37% შეადგინა.
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ქართული მინერალური და მტკნარი წყლების მთავარ საექსპორტო ბაზრად რუსეთი რჩება, რომელზეც მთლიანი საექსპორტო მოცულობის ნახევარზე მეტი (56.23%) მოდის.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტს ახორციელებს: