იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის 74%-მდე ზრდა მეტყველებს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე - ვახტანგ ცინცაძე
„იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის 73.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, მოცულობა კი 1 მლრდ 550 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. ადგილობრივი ექსპორტის ზრდა მეტყველებს ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად, პროდუქცია, რომელიც საქართველოში იქმნება და იწარმოება, კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობაში არსებული პოზიტიური დინამიკა კვლავ გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი, 2,439.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აპრილის თვეში კი ექსპორტი 16.1%-ით გაიზარდა და ასევე თვის რეკორდულ მოცულობას - 716.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
„ჩვენი მიზანი და ამოცანაა, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა არაერთ ნაბიჯს დგამს, რომლებიც მიმართულია ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდაზე. ყოველივე ზემოაღნიშნული ქვეყანაში ქმნის დამატებულ ღირებულებას, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც, თავისთავად, პოზიტიურად აისახება მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე" - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
აღსანიშნავია, რომ აპრილის თვეში ასევე გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი - სავაჭრო დეფიციტმა 765.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის აპრილთან შედარებით 143.0 მლნ აშშ. დოლარით გაუმჯობესდა. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, იანვარ-აპრილის პერიოდში ყველაზე დიდი წილი ევროკავშირის ქვეყნებს უკავია, მეორე და მესამე ადგილებზე კი ყირგიზეთი და ჩინეთია. პროდუქტების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში მნიშვნელოვნად გაიზარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების, ფეროშენადნობების, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, თხილისა და სხვა კაკლის, მინერალური და გაზიანი წყლების, მინერალური და მტკნარი წყლებისა და ღვინოების ექსპორტი.
„რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას უფრო ეფექტიანი მექანიზმებით, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას " - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826