იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $8 132.8 მლნ შეადგინა l საქსტატი
2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 132.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2 439.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 21.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 5 692.9 მლნ. აშშ დოლარს (შემცირდა 4.9 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ- აპრილში 3 253.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0 პროცენტია.
2026 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (272.8 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (255.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (211.3 მლნ. აშშ დოლარი).
2026 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (903.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (766.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (678.2 მლნ. აშშ დოლარი).
2026 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 095.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (965.7 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (933.3 მლნ. აშშ დოლარი).
2026 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 537.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 324.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 225.1 მლნ. აშშ დოლარით (9.2 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-აპრილში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 925.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 16.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 471.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 254.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.5 პროცენტი).
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმა - ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე
21.09.2026.17:10
J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
„J.P. Morgan-მა გამოაქვეყნა სრულიად ახალი ინდექსი განვითარებადი ბაზრებისათვის, რომლებიც ახლახან გაფართოვდნენ. საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ინვესტორები, რომლებსაც სურთ ახალ ინდექსში ინვესტირება, დამატებით დაინტერესდებიან საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს საშინაო ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომ განვითარებასა და ლიკვიდობის შემდგომ ზრდას. აღნიშნულ ინდექსში მოხვედრა ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შესაბამისად, სამომავლოდ უკვე შესაძლებელი გახდება J.P. Morgan-ის GBI-EM ინდექსში საქართველოს ფასიანი ქაღალდების მოხვედრა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.