იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის ზრდამ 7% -ს გადააჭარბა და რეკორდული მოცულობა - 5.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა - ვახტანგ ცინცაძე
2024 წლის ოქტომბერში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა - გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 39%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 681.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ქვეყანაში ექსპორტის ზრდის საკმაოდ მყარი დინამიკა ნარჩუნდება.
„ზოგადად, ოქტომბრის თვეში ექსპორტის საკმაოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება, იანვარ - ოქტომბრის მაჩვენებლით კი ზრდა 7 %-ს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მოცულობა რეკორდულია და დაახლოებით 5.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
ამასთან, ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, ქვეყანაში იზრდება სავალუტო შემოდინებები, მათ შორის, არამხოლოდ ექსპორტის ხარჯზე - ზრდა ფიქსირდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მხრიდანაც. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, ასევე საკმაოდ ძლიერია სავალუტო შემოდინებები მომსახურების ექსპორტიდან, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებზე.
„ქვეყანაში მაკროეკონომიკური ფუნდამენტები საკმაოდ ძლიერია, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. ინფლაცია მიზნობრივ დონეზე ქვემოთ ნარჩუნდება, რაც გვაძლევს პოზიტიური მოლოდინის საფუძველს - რომ მომავალ თვეებში და წლებში საქართველო შეინარჩუნებს იმაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები გაცილებით ჯანსაღია 2024 წლის განმავლობაში და არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ მოხდა მათი ზრდის მიმართულებით გადახედვა. ეს ერთი პოზიტიური სიგნალია არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა - ექსპორტი 9%-ით გაიზარდა და 6.1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვის ზრდამ 13.4% შეადგინა და 21.7 მლრდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826