IFC საქართველოში მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული ობლიგაციების უდიდეს ემისიაში სტრატეგიულ ინვესტიციას ახორციელებს
კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარების და სათბურის აირების ემისიის შემცირების ხელშესაწყობად, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) სტრატეგიული ინვესტორის როლი შეასრულა და 10 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული 150 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციების ხუთწლიან ემისიაში. ეს მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული ობლიგაციების უდიდესი ემისიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში.
ობლიგაციების ემიტენტი სს „საქართველოს კაპიტალი“ სხვადასხვა, მათ შორის, საბანკო, საცალო ფარმაცევტულ, დაზღვევის და განახლებადი ენერგიის სექტორებში დივერსიფიცირებული პორტფელის მქონე ადგილობრივი საინვესტიციო ჰოლდინგია. მოსალოდნელია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ტრანზაქცია ხელს შეუწყობს „საქართველოს კაპიტალს“ და მის პორტფელში შემავალ კომპანიებს, რომ 2027 წლისთვის სათბურის აირების ემისია 20 პროცენტით შეამცირონ.
„საქართველოს კაპიტალი“ და მის პორტფელში შემავალი კომპანიები დასახულ მიზნებს ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვით მიაღწევენ. აღნიშნული მოიცავს ბუნებრივ აირზე მომუშავე გათბობის სისტემების შეცვლას ენერგოეფექტური ელექტროგათბობის გადაწყვეტებით, ელექტრომობილების გამოყენებას და განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლას. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს საქართველოს შეასრულოს ქვეყნისთვის განსაზღვრული მოთხოვნები - 2030 წლისთვის 35 პროცენტით შეამციროს სათბურის აირების ემისია (1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით).
სს „საქართველოს კაპიტალის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა განაცხადა: „გამოწვევებით აღსავსე გლობალური საკრედიტო ბაზრების მიუხედავად, ჩვენ წარმატებით შევაფასეთ მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული ობლიგაციების უდიდესი შეთავაზება საქართველოში ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მხარდაჭერის პირობებში. IFC-ის მიერ მხარდაჭერილი ეს ემისია გადამწყვეტია საქართველოს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის და გაცილებით მდგრად და დეკარბონიზებულ ეკონომიკაზე გადასვლისთვის.“
მისივე თქმით: „ობლიგაციებზე მოთხოვნა საქართველოს კაპიტალის ბაზრის სწრაფ განვითარებაზე მიუთითებს, რომელიც მალე გახდება სს „საქართველოს კაპიტალისა“ და ჩვენს პორტფელში შემავალი კომპანიებისთვის კაპიტალის მნიშვნელოვანი ალტერნატიული წყარო.“
გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრების და სურსათსა და ენერგომატარებლებზე მზარდი ფასების ფონზე IFC-ის, როგორც სტრატეგიული ინვესტორის როლი, ხელს შეუწყობს პოტენციური კერძო ინვესტორების მოზიდვას და მდგრადი ფინანსური ინსტრუმენტების მნიშვნელობის დასტურია. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი განვითარების ეტაპზეა, ეს ინვესტიცია საქართველოს კაპიტალის ბაზრების გაძლიერებას და მდგრადი პრაქტიკის განვითარებას წაახალისებს.
როგორც სამხრეთ კავკასიაში IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა ივანა ფერნანდეს დუარტემ განაცხადა, „აღნიშნული ობლიგაციები სწრაფად მზარდი კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტია და გლობალური მდგრადი განვითარების მხარდას ისახავს მიზნად. საქართველოში ობლიგაციების ეს ემისია სამაგალითო იქნება რამდენიმე თვალსაზრისით, მათ შორის, ენერგოეფექტურობის ღონისძიებების მეშვეობით გარემოს დაცვის ზომების გატარების კუთხით. ვიმედოვნებთ, რომ ეს ტრანზაქცია კატალიზატორის როლს შეასრულებს და დაეხმარება კომპანიებს მიუახლოვდნენ ნახშირორჟანგის ნულოვანი გამოფრქვევის სამიზნე მაჩვენებლებს, რაც ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა იქნება.“
საქართველოს საფონდო ბირჟის ლისტინგში შემავალი ობლიგაციების ემისია შეესაბამება კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო ასოციაციის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების პრინციპებს და მდგრადი დაფინანსების საერთაშორისო სტანდარტებს.
IFC-ის ინვესტიცია ამ ობლიგაციების ემისიაში ემყარება მის წინა პროექტებს, კერძოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდასაჭერას ქვეყნის მდგრადი დაფინანსების გზამკვლევის და მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის შემუშავებაში, რასაც მოჰყვა IFC-ის სტრატეგიული ინვესტიცია საქართველოს პირველ მწვანე ობლიგაციებში, რომელთა ემისია სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების" მიერ 2022 წელს განხორციელდა .
IFC-ის შესახებ
IFC მსოფლიო ბანკის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, გამოცდილებასა, და გავლენას, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ბაზრების და შესაძლებლობების შესაქმნელად. 2022 საფინანსო წლის განმავლობაში, IFC-მ განვითარებადი ქვეყნების კერძო კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებში რეკორდული, 32.8 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, კერძო სექტორის მიერ გადამწყვეტი როლის შესრულების ხელშესაწყობად უკიდურესი სიღარიბის დაძლევასა და საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებაში, სხვადასხვა კრიზისების შედეგებთან ქვეყნების ბრძოლის პარალელურად. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org.
სს „საქართველოს კაპიტალის“ შესახებ
სს „საქართველოს კაპიტალი“ არის პლატფორმა საქართველოში ბიზნესის შეძენის, შექმნისა და განვითარებისათვის იმ დარგებში, სადაც მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკის მუდმივი ზრდისა და დივერსიფიკაციის შედეგად სარგებლის მიღება. კომპანია ძირითადად ფოკუსირებულია საქართველოში შედარებით უფრო ფართომასშტაბიან საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომლებსაც აქვთ საწყისი ინვესტიციიდან 3-5 წლის განმავლობაში, სულ მცირე, 300 მილიონი ლარის კაპიტალის დაგროვების და ინვესტიციების ვადის დადგომისთანავე გასვლის გზით მონეტიზაციის პოტენციალი. „სქართველოს კაპიტალის“ მიმდინარე პორტფელი დივერსიფიცირებულია შემდეგ სფეროებში: (i) საცალო ფარმაცევტული ბიზნესი, (ii) ჰოსპიტალური ბიზნესი, (iii) სადაზღვევო ბიზნესი (P&C და სამედიცინო დაზღვევა); (iv) განახლებადი ენერგიის ბიზნესი (ჰიდრო და ქარის აქტივები), (v) საგანმანათლებლო ბიზნესი და (vi) კლინიკების და სადიაგნოსტიკო ბიზნესი; „საქართველოს კაპიტალი“ ასევე ფლობს სხვა მცირე კერძო საწარმოებს საქართველოს სხვადასხვა დარგებში; 20.0% -იან წილს წყალმომარაგების ბიზნესში და 19.8%-იან წილს (12-ივლის-23) ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ-ლისტინგში შემავალ საქართველოს ბანკის ჯგუფში (PLC), რომელიც საქართველოს წამყვანი უნივერსალური ბანკია.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826