„იგლ ჰილსის“ 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მშენებლობის ეტაპზე 24 ათასზე მეტ, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ 8 ათასზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის - ირაკლი კობახიძე
„იგლ ჰილსი" რამდენიმე თვეში დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს კრწანისში და გონიოში - ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი, 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი, რომელიც ქართული ეკონომიკის განვითარებას სრულიად ახალ სტიმულს მისცემს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტი საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე სხვადასხვა სახით პირდაპირ აისახება.
„მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან - „იგლ ჰილსი" რამდენიმე თვეში დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს კრწანისში და გონიოში. ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი, 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი, რომელიც ქართული ეკონომიკის განვითარებას სრულიად ახალ სტიმულს მისცემს. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 16000 საცხოვრებელი სახლის ან ბინის მშენებლობას; სასტუმროების მშენებლობას 1 400-ზე მეტი სასტუმრო ნომრითა და აპარტამენტით; საოფისე, სავაჭრო, გასართობი, სპორტული და სხვა კომერციული სივრცეების მშენებლობას. რაც მთავარია, პროექტი პირდაპირ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობაზე სხვადასხვა სახით. პირველი - დასაქმება - „იგლ ჰილსის" პროექტი მშენებლობის ეტაპზე 24 ათასზე მეტ, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ - 8 ათასზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანიის პოლიტიკის თანახმად, პროექტის უშუალო განხორციელებას უზრუნველყოფენ ქართული სამშენებლო კომპანიები, რაც ქვეყანაში ბიზნესსექტორის განვითარებასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს;
მეორე - ეკონომიკური ზრდა - პროექტის მხოლოდ პირდაპირი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე იქნება დაახლოებით 11 მილიარდი ლარი;
მესამე - სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდა - მშენებლობის დაწყების დღიდან, ყოველწლიურად ბიუჯეტში გადასახადების სახით შევა საშუალოდ სულ მცირე 500 მილიონი ლარი. გარდა ამისა, ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფოს პროექტის მოგებიდან დარჩება 33%, რაც საქართველოს ბიუჯეტს 10 წლის მანძილზე დამატებით სულ მცირე 2 მილიარდ ლარს მოუტანს, ეს კი წელიწადში საშუალოდ 200 მილიონი ლარია. გარდა ამისა, „იგლ ჰილსის" პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, ახალი ტურისტული პროდუქტების, ტურისტებისთვის ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას, რაც განსაკუთრებით აჭარის რეგიონს დაეხმარება, გახდეს 4-სეზონიანი ტურისტული მიმართულება", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826