იმედი გვაქვს მიმდინარე წელს კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყება - გენადი არველაძე
საქართველოსა და კორეის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის და ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების გაფორმება. ეს გაზრდის არა მხოლოდ სავაჭრო ბრუნვას, ასევე დადებითად აისახება თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი განხილულ იქნა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მაღალი რანგის შეხვედრაზე კორეის ვიცე-პრემიერ ჩოო კიუნგ ჰოსთან. მოგვიანებით კორეულმა მხარემ ამ საკითხს ხაზი სოციალურ ქსელშიც გაუსვა. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ მიმდინარე წელს ასევე დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დელეგაციას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე ასევე კორეის ვიცე-პრემიერმა საქართველოს სამთავრობო დელეგაციას, მის ხელმძღვანელს ლაშა ხუციშვილს მიულოცა აზიის განვითარების ბანკის მომდევნო წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მიღება და საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826