იმედი გვაქვს, რომ 2024 წელს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას, რაც მოგვცემს საშუალებას, ერთ სულ მოსახლეზე მშპ 8 500 დოლარს მიუახლოვდეს - ლევან დავითაშვილი
იმედი გვაქვს, რომ 2024 წელს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 8 500 დოლარს მიუახლოვდეს, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკა უფრო მდგარადი აღმოჩნდა გარე შოკების მიმართ, ვიდრე სხვა ქვეყნების ეკონომიკები.
„ვფიქრობ, ზუსტად ბოლო წლების ეკონომიკური წარმატება არის მთავარი ახსნა თუ რატომ შეიძლება ვიყოთ უფრო ახლოს ევროკავშირის წევრობასთან. დღევანდელი მონაცემები, ბოლო წლების ეკონომიკური პროგრესი ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკა არის უფრო მდგრადი გარე შოკების მიმართ, ვიდრე სხვა ქვეყნების ეკონომიკა და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, ალბათ უფრო წინდახედულია, უფრო მეტად მდგრადია. ვფიქრობ, ეს არის სამთავრობო გუნდის სწორი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა დავითაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826