IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, მსოფლიო ეკონომიკაში ამჟამად მასშტაბური შენელების ნიშნები არ იკვეთება, თუმცა ეკონომიკური რისკები კვლავ მაღალი რჩება
მსოფლიო ეკონომიკა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომისგან გამოწვეულ შოკს ამ ეტაპზე წარმატებით უმკლავდება და გლობალური ეკონომიკური შენელების ნიშნები ჯერ არ იკვეთება, თუმცა რისკები კვლავ მაღალი რჩება, განაცხადა ორშაბათს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ.
გეორგიევა, რომელიც ამ კვირაში G7 Summit-ზე G7-ის ლიდერებს მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს, მიესალმა აშშ-სა და ირანს შორის კვირას მიღწეულ შეთანხმებას ომის დასრულებისა და ჰორმუზის ხელახლა გახსნის თაობაზე. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის გამწვავება და მიწოდების ჯაჭვებში შეფერხებები გლობალური ეკონომიკური ზრდისთვის ცალსახა რისკს წარმოადგენს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მსოფლიო ეკონომიკური ზრდის განახლებულ პროგნოზს 8 ივლისს გამოაქვეყნებს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826