IMF-თან მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება - ნათია თურნავა
"სსფ-ი ქვეყნის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მასთან მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ წარმომადგენელთან საქართველოში, ენდრიუ ჯუველთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც სებ-ის მენეჯმენტი ესწრებოდა.
საუბარი შეეხო ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მიმდინარეობას, ასევე, სსფ-ის ტექნიკური დახმარების საკითხებს. ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა ხელს უწყობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას.
ეროვნულმა ბანკმა არაერთი თანმიმდევრული და ადეკვატური ნაბიჯი გადადგა გლობალურ გამოწვევებზე საპასუხოდ. სებ-ის მხრიდან სათანადო პოლიტიკის გატარებამ ხელი შეუწყო ინფლაციის მოლოდინების მართვასა და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას. ინფლაცია ივლისში 0,3% - მდე შემცირდა, რაც მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე საკმაოდ დაბალია, მაშინ როცა საბაზო ინფლაცია 3.1%-ს შეადგენდა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826