ინდექსაცია მოგვცემს საშუალებას, რომ საგარეო ვითარებიდან გამომდინარე ეს შოკები დასტაბილურდეს - ვახტანგ შურღაია
„ზოგადად, ფასთა ინდექსაცია საინტერესო ინსტიტუტია, რომელიც ხელს შეუწყობს იმ გრძელვადიანი კონტრაქტების სწორად დასრულებასა და ორივე მხარის კმაყოფილებას, რომლებიც, ფაქტობრივად, შარშან დაიწყო და რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდება“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა და BV Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ შურღაიამ განაცხადა.
მისი თქმით, სამშენებლო სექტორზე გლობალური კრიზისებისა და ფასების ზრდის გავლენის შემცირებაში ფასთა ინდექსაციის მექანიზმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
„ახლო აღმოსავლეთის კრიზისმა და ფასების მატებამ, პირველ რიგში, უდიდესი გავლენა სამშენებლო სექტორზე იქონია. სწორედ ამიტომ, ფასების ინდექსაცია მოგვცემს საშუალებას, რომ საგარეო ვითარებიდან გამომდინარე ეს შოკები დასტაბილურდეს და ბიზნესს დაწყებული პროექტების ბოლომდე წარმატებით მიყვანის შესაძლებლობა მიეცეს.
თუმცა, აქ არის ერთი დეტალი, რომლის აღნიშვნაც მინდა, ფასთა ინდექსაცია ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამუშაოები გეგმა-გრაფიკს მიჰყვება. თუ საგზაო სამუშაოების სპეციფიკას შევხედავთ, ხშირად გეგმა-გრაფიკის ზუსტად დაცვა საკმაოდ რთულია. ზოგჯერ კომპანიის შეფერხება გამოწვეულია, მაგალითად, არახელსაყრელი ამინდით, რის გამოც გეგმა-გრაფიკს ჩამორჩებიან. ჩვენ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია არა ყოველთვიურ გეგმა-გრაფიკთან აბსოლუტური თანხვედრა, არამედ მთლიანად კონტრაქტის საერთო ვადაში ჩატევა. თუ პროექტი მთლიანობაში არ სცილდება ხელშეკრულების ვადებს და არ გვაქვს ვადაგადაცილება, მიგვაჩნია, რომ ფასთა ინდექსაციის წესი ამ შემთხვევებზეც უნდა გავრცელდეს“, - აღნიშნა ვახტანგ შურღაიამ.
სხვა სიახლეები
ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ნაწარმოებებზე საავტორო უფლებები არ ვრცელდება - ვახტანგ შურღაია
22.06.2026.20:30
„მსოფლიოში დღეს გაბატონებული კონცეფციის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ შექმნილ ნაწარმოებებზე საავტორო უფლებები არ ვრცელდება, ვინაიდან მიჩნეულია, რომ საავტორო უფლების სუბიექტი მხოლოდ ადამიანის მიერ შექმნილი პროდუქტი შეიძლება იყოს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა და BV Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ შურღაიამ განაცხადა.
თუმცა მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის წვლილი საკმაოდ დიდია, მაგალითად, მან შეადგინა სწორი ინსტრუქცია, შეიტანა შესწორებები და შემდგომ დახვეწა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული პროდუქტი, დღის წესრიგში დგება ადამიანის ჩართულობის ხარისხის განსაზღვრა, რაზეც უნდა დაფუძნდეს კიდეც აღნიშნული საკითხის სამართლებრივი რეგულირება.
„საქართველოშიც ზუსტად ანალოგიური მიდგომა მოქმედებს. საავტორო უფლება მხოლოდ ფიზიკური პირის შემოქმედებითი საქმიანობის შედეგზე ვრცელდება. ეს მოცემულობა ბიზნესისთვის გარკვეულ რისკებს ბადებს, რადგან ხშირად ადამიანები მარტივად, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ქმნიან პროდუქტს. თავის მხრივ, AI ამ ინფორმაციას არსებული ბაზებიდან იღებს, რამაც შესაძლოა წარმოშვას სხვისი ნაწარმოების უკანონო გამოყენების საფრთხე. ეს გარემოება ბიზნესისთვის დამატებით სამართლებრივ წნეხს აჩენს, რის გამოც ამ მიმართულებით დამატებითი რეგულაციების შემუშავება და საკითხის გადახედვა აუცილებელია“, - განაცხადა ვახტანგ შურღაიამ.