ინდექსები ინვესტორებისთვის არის ერთგვარი გზამკვლევი, თუ რა სახის თამაშის წესები არის ქვეყანაში, არის თუ არა ეკონომიკური სტაბილურობა, როგორ მუშაობს ბიუროკრატია - ლევან ჟორჟოლიანი
„ინდექსების თვალსაზრისითაც 2025 წელი საკმაოდ წარმატებული იყო ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. მისი თქმით, ავტორიტეტული საერთაშორისო და დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციების შეფასებებით ქვეყანამ პროგრესი აჩვენა ეკონომიკური თავისუფლების, კორუფციისგან თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით, რაც, მისი განცხადებით, ბოლო წლებში მიღებული სისტემური გადაწყვეტილებების შედეგია.
„ჩვენ ვნახეთ უამრავი ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია, დამოუკიდებელი, რომელიც აფასებს საქართველოს - ზოგადად ქვეყნებს აფასებს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის, ვთქვათ, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, კორუფციისგან თავისუფლების ინდექსი, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და სხვადასხვა მიმართულებით ყველგან გვაქვს სერიოზული წინსვლა. რა თქმა უნდა, ეს გამოწვეული არის იმ სისტემური გადაწყვეტილებებით, რომელიც მთავრობამ მიიღო 2025 წელს და წინა წლებშიც, ეს ყველაფერი შემდეგ ინდექსებში აისახება.
ინდექსები არის იმისთვის, რომ მერე თუნდაც ინვესტორებისთვის არის ერთგვარი გზამკვლევი, თუ რა სახის თამაშის წესები არის ქვეყანაში, რა მდგომარეობაა, არის თუ არა იქ ეკონომიკური სტაბილურობა, როგორ მუშაობს ბიუროკრატია. ეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია და ამით შეგიძლია პოზიციონირება, მათ შორის, როდესაც თუნდაც კონკრეტულ ქვეყანაში ჩადიხარ, იქ ვთქვათ გაქვს მოლაპარაკებები სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით, ხვდები იქაურ ბიზნეს სექტორს და ეს ინდექსები, რა თქმა უნდა, ძალიან გეხმარება. პლუს ამას, შენ თვითონ ხედავ, კონკრეტულმა გადაწყვეტილებამ თუ რეფორმამ რა შედეგი მოიტანა“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებით საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა და მიმდინარე რეფორმები უკვე აისახება საერთაშორისო ინდექსებში. მისი თქმით, მთავრობის მიზანია, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკა არა მხოლოდ რეალურ შედეგებში, არამედ საზოგადოებრივ აღქმაშიც სრულად აისახოს, რის უზრუნველსაყოფადაც პრევენციული მექანიზმების გაძლიერება და დაუსჯელობის პრინციპის გამორიცხვა მნიშვნელოვანია.
„ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაუმჯობესება, რაც ჩვენ გვქონდა, ეს იყო კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებით ინდექსებში და ვფიქრობთ, რომ ის რეფორმები, რომლებიც ახლა უკვე გარკვეულ კვლევებში აისახება, რაც ჩვენ კორუფციის მიმართულებით მივიღეთ, მათ შორის ცვლილებები და ასე შემდეგ, ესეც თავის ასახვას პოვებს, იმიტომ რომ ასეთი მართლა ამბიციური გეგმა გვაქვს, რომ ფაქტადაც უნდა შედგეს ეს და აღქმაც უნდა იყოს ერთდროულად, როგორც მოსახლეობაში, ასევე ჩვენს პარტნიორებში, რომ ფაქტობრივადაც და აღქმის თვალსაზრისითაც ესენი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. ეს ერთმანეთს უნდა დაემთხვეს, რომ მათ შორის საჯარო მოხელეებშიც, თანამდებობის პირებშიც, ეს განცდა გაჩნდეს და აბსოლუტურად არავინ არ უნდა დაუშვას, რომ ამას ვინმეს გაუტარებენ ან დარჩება დაუსჯელი. ამიტომ პრევენციული მექანიზმები მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ თავის ასახვას პოვებს ამ ინდექსებში და ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდება ნამდვილად იმ მოწინავე ქვეყნებს შორის, სადაც შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ბიუროკრატია მუშაობს პატიოსნად, კეთილსინდისიერად. კეთილსინდისიერების ნაწილშიც, სხვათა შორის, მაგაზეც ტარდება ხოლმე კვლევები და მაგ ნაწილშიც ბიუროკრატიის მიმართულებით საკმაოდ წინ ვიყავით და ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილებები ახლა ბოლოს რაც იქნა მიღებული, თავის ასახვას უკვე ახალ კვლევებში პოვებს და სერიოზულ ბუსტს მისცემს ქვეყანას კონკრეტულ ინდექსებში“, - აღნიშნა ჟორჯოლიანმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს, 5 წლის წინ იყო 16 მილიარდი დოლარი და გახდა შარშან 38,1 მილიარდი დოლარი ანუ გაიზარდა 22,1 მილიარდით ანუ გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა | პრემიერი
09.06.2026.01:40
საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მილიარდი დოლარი და შარშან გახდა 38,1 მილიარდი დოლარი. მოლდოვაში 11,5 მილიარდი დოლარი იყო ეკონომიკა და ხუთ წელში 20,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის მხოლოდ ხუთ წლის განმავლობაში გაიზარდა 8,6 მილიარდი დოლარით და ბიუჯეტებს შორის სხვაობა გაიზარდა 3,5 მილიარდ დოლარზე მეტით. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ევროკავშირი სესხს სესხზე აძლევს მოლდოვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-ზე დებატებში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკაც არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ევროკავშირისთვის, როდესაც ის იღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე.
„ძალიან მარტივი ლოგიკა აქვს ამას. ევროკავშირსაც არ უნდა, რომ ზედმეტ ტვირთად დააწვეს კონკრეტული ქვეყანა. დღევანდელი მოცემულობით, ამაზე საუბრობენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. არაერთ ლიდერს პირადად ჩემთან უსაუბრია ამასთან დაკავშირებით. დღეს თეორიულად რომ გახდეს უკრაინა ევროკავშირის წევრი, აღმოსავლეთ ევროპის ყველა იმ ქვეყანას, რომელიც დღეს არის დოტაციაზე, ევროკავშირისგან იღებს დახმარებას, ყველას უნულდება არსებული ფორმულით დახმარება. უკრაინა რომ გახდეს ხვალ ევროკავშირის წევრი, ისინი აცხადებენ, რომ ყველას გაუნულდება დახმარება, ყველაფერი წავა უკრაინაში და მაგალითად, ჩეხეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, პოლონეთს და ა.შ. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს გაუნულდებათ ის ფინანსური მხარდაჭერა, რასაც იღებენ ევროკავშირის საერთო ფონდიდან. ასეთ ვითარებაში ეკონომიკას ენიჭება განმსაზღვრელი მნიშვნელობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხითაც მოწინავეა.
„საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს, 5 წლის წინ იყო 16 მილიარდი დოლარი და გახდა შარშან 38,1 მილიარდი დოლარი ანუ გაიზარდა 22,1 მილიარდით ანუ გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. მოლდოვას რაც შეეხება 11,5 მილიარდი დოლარი იყო და გაიიარდა 20,1 მილიარდ დოლარამდე ანუ 8,6 მილიარდი დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა საქართველოს და მოდლოვის ეკონომიკებს შორის მხოლოდ 5 წლის განმავლობაში გაიზარდა 8,6 მილიარდი დოლარით. ბიუჯეტებს შორის სხვაობა გაიზარდა 3,5 მილიარდ დოლარზე მეტით. 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი ბიუჯეტი აქვს დღეს საქართველოს, ვიდრე მოლდოვას. ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ ევროკავშირი სესხს სესხზე აძლევს მოლდოვას. დატვირთეს სესხებით, კრედიტებით, რომლებიც მერე უნდა გაისტუმროს მოლდოვამ და ამ სესხების ფონზე არის ამხელა სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან 13,5 მილიარდი დოლარით მხოლოდ 5 წლის განმავლობაში. აქაც ხედავთ, რომ საქართველო ობიექტურად ეკონომიკური კუთხით არის ბევრად უფრო სასურველი პარტნიორი ევროკავშირისთვის, ვიდრე მოლდოვა ან უკრაინა. უკრაინაზე საუბარი ზედმეტია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის რეალური ეკონომიკა 21 პროცენტით შემცირდა.
„ვინც იცის ეკონომიკა, ეს არის სრული კატასტროფა. ეს არის ეკონომიკური კატასტროფა, დაახლოებით ის, რაც საქართველოში მოხდა 90-იან წლებში. გასაგებია, ომია, მთელი ინფრასტრუქტურა განადგურდა, ელექტროენერგიის გენერაციის ნახევარზე მეტი დაკარგა უკრაინამ ამ ომის შედეგად წლების განმავლობაში. ეს არის არსებითი ევროკავშირისთვის როდესაც საუბარია ქვეყნის გაწევრიანებაზე. უკრაინა ხვალ რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, თავად ამ ქვეყნების ლიდერები გვეუბნებიან, რომ განულდება მათი ფინანსური მხარდაჭერა, რასაც წლების განმავლობაში იღებდნენ ევროკავშირის მხრიდან. მოლდოვაში არ იყო, თუმცა მოლდოვის რეალური ეკონომიკა იგივე წლების განმავლობაში შემცირდა ერთი პროცენტით. კატასტროფაა ანუ საუბარია 4-წლიან პერსპექტივაზე. 4 წელიწადში ჯამურად მოლდოვაში შემცირდა 1 პროცენტით. იგივე დროს საქართველოს რეალური ეკონომიკა გაიზარდა 41,1 პროცენტით. ხედავთ რამდენად უფრო სასურველი პარტნიორი გახდა გახდა ეკონომიკური კუთხით საქართველო ევროკავშირისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ ობიექტურ შეფასებაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.