ინდექსი გვიჩვენებს, სად დგას დღეს სოფლის მეურნეობა და რა მიმართულებით ვითარდება - ლაშა ქავთარაძე
Galt & Taggart-ის მთავარი ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ტელეკომპანია „მასეტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც დარგში არსებულ პროგრესს სხვადასხვა ინდიკატორის გაერთიანებით აფასებს და აჩვენებს, სად დგას სექტორი დღეს და რა მიმართულებით ვითარდება. მისი განმარტებით, ინდექსი უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის მდგომარეობისა და დინამიკის სისტემურ ანალიზს.
„Galt & Taggart-ის მიერ შექმნილი სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი ზომავს დარგში არსებულ პროგრესს. მასში შემავალ ინდიკატორებზე დაყრდნობით, შესაძლებელია შეფასდეს როგორც თითოეული კომპონენტის განვითარება, ასევე მათი ერთობლივი გავლენა მთლიან სექტორზე. შედეგად, ინდექსი გვაძლევს შესაძლებლობას დავინახოთ, სად დგას სოფლის მეურნეობა დღეს, როგორ იცვლება დროში და რა მიმართულებით ვითარდება“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.
ინდექსი სამი ძირითადი მიმართულებით - პროდუქტიულობა, ფასების სტაბილურობა და ინვესტიციები - განისაზღვრება და ცხრა ინდიკატორზეა აგებული. შედარებით მაღალი წონა პროდუქტიულობისა და ინვესტიციების მაჩვენებლებს ენიჭება.
ლაშა ქავთარაძის თქმით, ინდექსი დარგის პროგრესის სისტემურ შეფასებას საჯარო და უწყებრივი მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფს.
„ინდექსის შექმნისას პირველ რიგში მონაცემების ხელმისაწვდომობას დავეყრდენით. ძირითადად გამოვიყენეთ საჯარო ინფორმაცია, თუმცა დამატებითი მონაცემებიც მივიღეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. ინდექსი სამი სექციისგან შედგება და თითოეულში სამი ინდიკატორია წარმოდგენილი: პროდუქტიულობა, ფასების სტაბილურობა და ინვესტიციები.
პროდუქტიულობის სექცია მოიცავს ერთწლიანი კულტურების მოსავლიანობას (ერთ ჰექტარზე), მეცხოველეობის პროდუქტების წარმადობას და შრომის პროდუქტიულობას - ანუ რამდენ რეალურ დამატებულ ღირებულებას ქმნის ერთი დასაქმებული სექტორში. ამ ინდიკატორებს ინდექსში მაღალი წონა აქვთ.
ფასების სტაბილურობის სექციაში შედის შუალედური დანახარჯები ერთეული პროდუქციის წარმოებაზე, ფასები ფერმის კართან და სურსათის ფასების სტაბილურობა. ამ უკანასკნელში ვაკვირდებით ფასების რყევებს წლის განმავლობაში. შედარებით მაღალი წონა ენიჭება ფერმის კართან ფასებსა და სურსათის ფასების სტაბილურობას.
ინვესტიციების სექცია მოიცავს კერძო და სახელმწიფო ინვესტიციებს, ნათესი ფართობების დინამიკას, აგრარული პროგრამების შესრულებას და სოფლის მეურნეობის დაფინანსების წილს სახელმწიფო ბიუჯეტში.
საბოლოოდ, ეს ცხრა კომპონენტი აყალიბებს ინდექსს და გვიჩვენებს როგორც თითოეული ინდიკატორის დინამიკას, ისე მათ გავლენას მთლიან მაჩვენებელზე. აღსანიშნავია, რომ ინდიკატორების წონები განისაზღვრება არა სუბიექტურად, არამედ სტატისტიკური მეთოდებით“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.
სხვა სიახლეები
ივლისში ყაზახეთიდან $3 227.4 მლნ-ის ღირებულების ნავთობის იმპორტი განხორციელდა - საქსტატი
21.08.2026.11:00
საქართველოში ყაზახური ნედლი ნავთობის იმპორტი პირველად განხორციელდა.
საქსტატის მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში 3 227.4 მლნ დოლარის ღირებულების 5 456.4 ათასი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობის იმპორტი განხორციელდა.
შედარებისთვის, მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში 36 354.2 მლნ დოლარის 87 424.5 ტონა რუსული ნავთობი შემოვიდა.