ინფლაციის შემცირება დაკავშირებულია სწორ მონეტარულ პოლიტიკასთან და მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან - ლევან დავითაშვილი
„საქართველოში, წინა თვესთან შედარებით ინფლაცია 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და მისმა დონემ 0.6% შეადგინა. ინფლაციის დონე უკვე ჩამოცდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს", - ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ივნისის თვის ინფლაციის მაჩვენებლები შეაფასა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ინფლაცია 3%-ზე ჰქონდა დაგეგმილი, წინა თვესთან შედარებით კი ფასების დონე 0.7%-ით შემცირდა.
„საქართველოში 2022 წლის მაისის შემდგომ ინფლაციას აქვს შემცირების ტენდენცია. ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია სწორ მონეტარულ პოლიტიკასთან და ზოგადად, მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან, რომლებიც უკავშირდებოდა ერთის მხრივ მის მიერ წარმოებულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მეორე - კონკურენციის მიმართულებით გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც ბაზარზე კონკურენციის უზრუნველყოფას ითვალისწინებდა და შესაბამისად, ეს ფასებზე აისახა. ამან მოგვცა საშუალება, რომ ენერგომატარებლებზე , მათ შორის საწვავზე, სურსათის გარკვეულ ჯგუფებსა და მედიკამენტებზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირებულიყო", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც ლევან დავითაშვილი ხაზს უსვამს, ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ცხოვრების დონესთან და აქტუალურია ჩვენი მოქალაქეებისთვის - ოჯახის ხარჯების სტრუქტურაში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, რომელზეც ფასები შემცირდა: მათ შორისაა ჯანმრთელობის დაცვა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ასევე ფასების შემცირდა დასვენების მიმართულებაზე.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, ბოლო თვის განმავლობაში ფასების მცირეოდენი ზრდა ფიქსირდება ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებზე. ლევან დავითაშვილის განმარტებით, ჯამში საბოლოოდ ინფლაციის დონემ თვის ჭრილში 0.6% შეადგინა.
„ზოგადად, საერთაშორისო ტენდენციაც მსგავსია - ევროზონაში ინფლაცია დაახლოებით 5.5%-ია, თუმცა, უფრო ნაკლებად ხდება ინფლაციის შემცირება სხვა ქვეყნებში და ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრ ქვეყანაში ის ჯერ კიდევ გამოწვევაა, ზოგიერთ ქვეყანაში კი ორნიშნა ინფლაციაა, მიუხედავად შემცირების ტენდენციისა. მაგალითად, მაისის თვეში ის თურქეთში 40%-მდე იყო, რუსეთში საკმაოდ შემცირდა - 2.5%-ზე დავიდა, აზერბაიჯანში 11.5%-ია, მოლდოვაში - 16%-ზე მეტი, ესტონეთში - 11.3%, ლიეტუვაში ასევე 12%-მდე და ა.შ.", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826