ინფლაციის ზომიერი მონაცემების ფონზე, Fed-ისგან მომავალ თვეში საპროცენტო განაკვეთის უცვლელად დატოვებაა მოსალოდნელი - დეტალები
ინფლაციის ზომიერი მონაცემების ფონზე, Fed-ისგან მომავალ თვეში საპროცენტო განაკვეთის უცვლელად დატოვებაა მოსალოდნელი.
ოთხშაბათს გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ ინფლაცია წლიურ ჭრილში ზედიზედ მეორე თვეა შენელდა, რაც სექტემბერში საპროცენტო განაკვეთის გაზრდის დამატებით საჭიროებაა ნაკლებად აჩვენებს.
აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი ივლისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 3.4%-ით გაიზარდა, ივნისში დაფიქსირებული 3.5%-იანი ზრდის შემდეგ. მაჩვენებელი ეკონომისტების პროგნოზს შეესაბამებოდა. საკვებისა და ენერგიის მერყევი კომპონენტების გამოკლებით, ე.წ. საბაზო ინფლაციამ ივლისში წლიურად 2.5% შეადგინა, ივნისში დაფიქსირებული 2.6%-ის შემდეგ.
მონაცემების დეტალური ანალიზი ინფლაციის უფრო ფართო მასშტაბით გავრცელების გარკვეულ ნიშნებსაც აჩვენებს. ამასთან, ივნისთან შედარებით, ივლისში საბაზო საქონლის უფრო მეტ კატეგორიაში დაფიქსირდა ფასების ზრდა. ხელოვნურ ინტელექტზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ტექნოლოგიური პროდუქტების ფასებიც მკვეთრად გაიზარდა.
ბენზინის ფასების შემცირებამ საერთო ინფლაციაზე კლების მიმართულებით იმოქმედა. თუმცა, გლობალური საწვავის ფასები მიმდინარე თვეში კვლავ გაიზარდა, რადგან აშშ-სა და ირანს შორის ომის ფონზე დაძაბულობა გრძელდება. ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც კონფლიქტის დაწყებამდე, თებერვლის ბოლოს, მსოფლიოში ნავთობის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი გადიოდა, კვლავ დიდწილად ჩაკეტილია.
Fed-ის სამიზნე ინფლაციის მაჩვენებელი პირადი მოხმარების დანახარჯების ფასების ინდექსის წლიური ცვლილების მიხედვით 2%-ს შეადგენს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826