ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია - სებ
ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის აგვისტოს გამოკითხვის შეჯამებული შედეგებშია აღნიშნული. როგორც ირკვევა, აგვისტოში ივლისთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები დაკლებულია. ერთი მხრივ, ივლისთან შედარებით, მკვეთრად შემცირებულია ის რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან.
მეორე მხრივ, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 4%-6%-ის ფარგლებში, ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, აგვისტოში ივლისთან შედარებით დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 4%-6%-ის ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. ამავე დროს მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ცვლილების ფარგლებში, 0%-2%-ის მიდამოში ვარაუდობენ.
სხვა სიახლეები
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა
22.08.2026.19:18
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის მექანიზმი წარმატებით აამოქმედა.
ახალი სისტემა გადამზიდველებს შესაძლებლობას აძლევს, სანებართვო დოკუმენტებით სრულად ელექტრონულ ფორმატში ისარგებლონ. ციფრული მექანიზმი უზრუნველყოფს ნებართვების სწრაფ და უსაფრთხო გაცვლას, აღრიცხვასა და კონტროლს, ამცირებს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ბარიერებს და ზრდის გადაზიდვების პროცესის ეფექტიანობას.
„ციფრული სანებართვო სისტემის დანერგვა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ადმინისტრირების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ყაზახეთთან მსგავსი სისტემების წარმატებით ამოქმედების შემდეგ, უზბეკეთთან ციფრულ ფორმატზე გადასვლა ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინსვლაა. აღნიშნული თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შუა დერეფნის მზარდი როლის ფონზე, რადგან სწრაფი, უსაფრთხო და ციფრული სანებართვო პროცედურები ხელს უწყობს დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებასა და საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური რგოლის, პოზიციების განმტკიცებას. პარტნიორ ქვეყნებთან სატრანსპორტო პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“, – განაცხადა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ.
სააგენტო ციფრულ სანებართვო სისტემაზე ეტაპობრივ გადასვლას სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც გეგმავს. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს საავტომობილო ტრანსპორტის კავშირების გაძლიერებას, სავაჭრო და ლოგისტიკური პროცედურების გამარტივებასა და საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის, როლის შემდგომ განმტკიცებას.