მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ინფორმაცია, თითქოს რუსეთი სანქციებს საქართველოს დახმარებით არიდებს თავს, სიცრუეა - შემოსავლების სამსახური

news image
mbc image

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ეხმაურება ტელეკომპანია NBC News -ის ჟურნალისტის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, კირ ჰარდი ბრენან-სიმონსის მიერ საქართველოში 24 თებერვალს მომზადებულ სიუჟეტს და განმარტავს, რომ ინფორმაცია, თითქოს „საქართველოზე გადის პრეზიდენტ პუტინის მომარაგების ხაზი“ და რომ რუსეთი მკაცრ სანქციებს საქართველოს დახმარებით არიდებს თავს, არის სრული სიცრუე და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია.

შემმოსავლების სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

„სიუჟეტში ავტორის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ ციტატა: „საქართველოზე გადის პრეზიდენტ პუტინის მომარაგების ხაზი“ და რომ რუსეთი მკაცრ სანქციებს საქართველოს დახმარებით არიდებს თავს, - არის სრული სიცრუე და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია.

კიდევ ერთხელ, სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ თემაზე გამოთქმული ყველა მოსაზრება, მათ შორის, რიგ საერთაშორისო მედიაში, ასევე, ზოგიერთი ადგილობრივი თუ უცხოელი პოლიტიკოსის განცხადება - არის მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი და სპეკულაცია.

საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს.

აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა რისკის პროფილები, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები.

ამასთან, სწორედ საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ დამატებით განთავსდა საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის, რენტგენო-სკანერები. ასევე, გაძლიერდა სხვა გამშვები პუნქტების შესაძლებლობები შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, შემოსავლების სამსახურს საშუალება მიეცა მიეღო საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმაზე DOLFIN-ზე დაშვება. ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის 2 თანამშრომელმა უკვე მოიპოვა ექსპერტის სერტიფიკატი.

აღსანიშნავია, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ საერთაშორისო გადაზიდვების ფარგლებში, არის ერთ-ერთი უმოკლესი სახმელეთო გზა რუსეთის ფედერაციასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის. ასევე, აღნიშნული გზა თურქეთს აკავშირებს რუსეთთან და მთელი ეს სატრანზიტო დერეფანი მკაცრად კონტროლდება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე და ყველა შესაბამისი პროცედურების შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნებმა, მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ. მათ შორის სანქციები შეეხო აღნიშნული ქვეყნებიდან მსუბუქი ავტომობილების რუსეთში ან ბელორუსში შეტანასაც, თუმცა, აღნიშნულ შემთხვევებში, ტვირთი რომ ჩაითვალოს სანქცირებულად, მსუბუქი ავტომობილის ღირებულება უნდა იყოს 50 000 აშშ დოლარზე მეტი (აშშ-ის სანქციების მიხედვით) ან 50 000 ევრო და მეტი (ევროპის საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების მიხედვით). აღნიშნული შეზღუდვა, უწყების მხრიდან, მკაცრ მონიტორინგს/აღსრულებას ექვემდებარება (აღსანიშნავია, რომ აკრძალვა არ ვრცელდება იმ მსუბუქ ავტომობილებზე, რომლებიც არის ფიზიკური პირის პირად საკუთრებაში, გამოიყენება მისი პირადი სარგებლობისთვის და არ არის განკუთვნილი გასაყიდად).

რაც შეეხება, ამავე სიუჟეტში ნახსენებ ქსეროქსის პრინტერების მელანს - თუნდაც ისინი ყოფილიყო აშშ-დან ან ევროკავშირიდან, აღნიშნული საქონელი არ ხვდება არც ამერიკის, არც ევროპისა და არც სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების სანქცირებული საქონლის სიაში. შესაბამისად, მათი გადაადგილების შეზღუდვა ჩვენი მხრიდან ვერ განხორციელდებოდა.

ასევე, სიუჟეტში ასახულ სატვირთო მანქანების რიგებს - ზამთრის პერიოდში, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, პერიოდულად შეფერხებულია ავტოტრანსპორტის გადაადგილება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის, გუდაური-კობის მონაკვეთზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დარიალის ხეობაში არსებულ ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტს ხშირად უწევს საგანგებო რეჟიმში მუშაობა. მეტეოროლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემდეგ კი საბაჟო–გამშვები პუნქტი მუშაობას სრული დატვირთვით აგრძელებს და შესაბამისად, მოლოდინის რეჟიმში მყოფი სატრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად ახორციელებენ დანიშნულების ქვეყნებისკენ გადაადგილებას.

რაც შეეხება ქვეშეთი-კობის საერთაშორისო მნიშვნელობის გვირაბს, ძალიან სამწუხაროა, რომ სიუჟეტის ავტორს არ უხსენებია, რომ ეს პროექტი ფინანსდება ავტორიტეტული დონორი საერთაშორისო ინსტიტუტების - აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ. პროექტზე 2019 წლის თებერვლის თვეში გამოცხადებული იყო საერთაშორისო ტენდერი სწორედ ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წესებით და ამავე წესების მკაცრი დაცვით განხორციელდა კონტრაქტორი კომპანიის შეჩევა. შესაბამისად, უხერხულია მისი დაკავშირება რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების მცდელობასთან მით უფრო, რომ ეს პროექტი დამტკიცდა რამდენიმე წლის წინ, რუსეთ-უკრაინის ომამდე.

ნამდვილად დასანანია, რომ სიუჟეტის ავტორის მხრიდან არ ყოფილა არანაირი კომუნიკაციის მცდელობაც კი, იმ სახელმწიფო უწყებებთან, რომლებიც კომპეტენციის ფარგლებში, უფრო მეტ სიცხადეს შეიტანდნენ ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შექმნილ ვითარებასთან და კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის პროცედურებთან დაკავშირებით, რაც გასაკვირია საერთაშორისო მედიის მხრიდან.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ცალსახად არაპროფესიონალურად მომზადებული და მიკერძოებული სიუჟეტი, რომელიც კიდევ ერთხელ იქნა გამოყენებული საქართველოს დისკრედიტაციისთვის, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიასაშუალებებს, საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებთან დაკავშირებით რეალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდნენ იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ამ პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა