ინფრასტრუქტურა, რეგიონული დაფარვა და ხარისხიანი სერვისები - 2026 წლის ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრიორიტეტებია პირველადი ჯანდაცვა, რეგიონების მაქსიმალური დაფარვა მაღალი ხარისხის სერვისებით და საავადმყოფო ინფრასტრუქტურის განვითარება.
როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება მოქალაქეთა საჭიროებებზეა დაფუძნებული.
„საქმე რასაც აკეთებს ჩვენი სამინისტრო და მისი თითოეული თანამშრომელი კეთდება მოქალაქეებისთვის. ამიტომ ის, რომ მოქალაქეებს ამის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ბუნებრივია, რომ ეს ჩემი ამოცანაა. პრიორიტეტებს რაც შეეხება, ეს არის ის რაც სჭირდება კარგ ჯანდაცვას, კარგ სოციალურ უზრუნველყოფას. ამის მიხედვით მოიყრის თავს კონკრეტულად ეს პრიორიტეტებიც. ეს არის რა თქმა უნდა კარგი ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიური განვითარება, რომლის მიმართულებითაც აუცილებლად გვექნება გარკვეული გეგმები განხორციელებული. არ შეიძლება ამ თვალსაზრისით არ გამოვყოთ იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართულებით, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს, რამდენიმე რეგიონული საავადმყოფოს მიმართულებით - ეს მნიშვნელოვანია. პირველადი ჯანდაცვა აუცილებლად დარჩება რა თქმა უნდა პრიორიტეტად, თუმცა აქ განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ეს არის რეგიონების დაფარვა მაქსიმალურად მაღალი და კომფორტული ხარისხის მქონე სერვისებით. გარკვეული პროგრამული ცვლილებები შეიძლება იყოს, მაგალითად კვლავაც ორიენტირებული მაღალი ხარისხის სერვისების მიღებაზე. ეს გულისხმობს, რომ იქ სადაც რა კომპონენტი აკლია, შეიძლება ეს წარმოადგენდეს ამ შემთხვევაში ჩვენი შემდგომი მუშაობის გაგრძელების საბაბსა და მიზანს. ფასების პოლიტიკის რეგულირება, ესეც რა თქმა უნდა არანაკლებად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვფიქრობთ როგორ გავხადოთ მედიცინა უფრო აკადემიური, აი ამ პრაქტიკული მედიცინა აკადემიური გახდეს, ამიტომ იგივე განათლების მიმართულებით, უწყვეტი სამედიცინო განათლების მიმართულებით გვაქვს გარკვეული გეგმები. გეგმები უკავშირდება იგივე სამედიცინო შეცდომების მინიმიზაციის სურვილს და ამოცანას. ესეც ნუ სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ბევრი წლის განმავლობაში ვერ დაინერგა ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობითაც დარეგულირდებოდა სამედიცინო შეცდომები - ამის აღრიცხვა ერთის მხრივ და შემდეგ მუშაობა იმაზე, რომ ეს კლებად რეჟიმში იყოს. ამიტომ ყველაფერი ეს ჩვენი ინტერესის საგანი იქნება და ვნახოთ ალბათ შევეცდებით რომ მომდევნო წლის ამ დროისთვის გვქონდეს უფრო მნიშვნელოვანი და ხელშესახები რეზულტატი“, - განაცხადა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826