ინგა ფხალაძემ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელობით გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა ანგარიშის პრეზენტაცია - „სამართლიანი ტრანზიციის საგზაო რუკის შემუშავებისკენ: საქართველოსთვის მდგრადი და ნახშირბად-ნეიტრალური სისტემისკენ". ღონისძიება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძის გამოსვლით გაიხსნა, სადაც მან ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ანგარიშის პრეზენტაცია გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ხელმძღვანელობით გაიმართა. საუბარი შედგა ანგარიშის ძირითად მიგნებებზე, დასკვნებსა და რეკომენდაციებზე, რომლებიც საქართველოს პოლიტიკის, ინსტიტუციური გარემოსა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სიღრმისეულ ანალიზს ეფუძნება. მონაწილეების მხრიდან ხაზი გაესვა ღონისძიების, როგორც მნიშვნელოვანი პლატფორმის როლს დიალოგისთვის, რომლის ფარგლებშიც შედგა საქართველოსთვის სამართლიანი ენერგეტიკული ტრანზიციის პრიორიტეტების, არსებული გამოწვევების და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ღონისძიების ფარგლებში ასევე თემატური პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები გაიმართა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსთვის მდგრადი და ნახშირბად-ნეიტრალური ენერგეტიკული სისტემის განვითარებას.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინსტიტუციების წარმომადგენლები მათ შორის: გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისი საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო (Energy Community Secretariat), ბიზნეს ასოციაცია და სხვა დაინტერესებული მხარეები.
სხვა სიახლეები
თუ 2010 წელს თბილისში 3 300 სასტუმრო ნომერი იყო, გასულ წელს ამ ციფრმა 15 000-ს გადააჭარბა“ - ვახტანგ ლომჯარია
28.05.2026.22:15
ტურიზმს უდიდესი გავლენა აქვს ადგილობრივ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, - განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ. მისი თქმით, თბილისის ტურიზმის სექტორში დინამიკა განსაკუთრებით მაღალია.
„ცხადია, აქტივობა კვარტალურად არის გადანაწილებული და სეზონების მიხედვით განსხვავდება როგორც წესი, ჩვენთანაც ისეთივე გლობალური ტენდენციები მეორდება, როგორიც მთელ მსოფლიოშია. თუმცა, დინამიკა შთამბეჭდავია: თუ მაგალითად, 2010 წელს თბილისში სასტუმრო ნომრების რაოდენობა სულ რაღაც 3 300-მდე იყო, გასულ წელს ამ ციფრმა 15 000-ს გადააჭარბა. ამასთანავე, წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება მაღალი კლასის, ლუქს კატეგორიის ნომრების წილიც.
ტურიზმს უდიდესი გავლენა აქვს ადგილობრივ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. ამ სექტორს სწრაფი შემოსავლების გენერირება ახასიათებს, რაც ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მოსახლეობას სიღარიბიდან სწრაფად თავის დაღწევის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, ამავდროულად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი დარგი - გლობალური თუ რეგიონული კრიზისების დროს, პირველი დარტყმა, როგორც წესი, სწორედ სტუმარმასპინძლობის სფეროზე მოდის.
მიუხედავად ამისა, თბილისი ტურიზმის მიმართულებით ძალიან ძლიერი ქალაქია - ეს არის სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც მოგზაურებს მოკლევადიანი ვიზიტებისთვის პირველ რიგში ახსენდებათ. დინამიკა იმდენად შთამბეჭდავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ფაქტობრივად მანამდე არსებული რვა წლის ჯამურ მაჩვენებელს უტოლდება. ეს ყველაფერი უზომოდ მნიშვნელოვანია, თუმცა, ამავდროულად, კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეს დარგი განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს. ჩვენ ვიცით, რომ კრიზისის დროს ტურიზმი ეკონომიკურ ციკლებს ვერ უსხლტება და ეს ფაქტორი სტრატეგიულად ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ“, - აცხადებს ლომჯარია.