„ინოვაციების შესახებ" კანონში ინიცირებული ცვლილებები საქართველოში ინოვაციურ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სექტორებს მნიშვნელოვნად წაახალისებს - ლევან დავითაშვილი
საქართველოს მთავრობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვით განისაზღვრება ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი ახალი სუბიექტები და მათ მიენიჭებათ: ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი, კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი. ასეთი სუბიექტებისთვის კანონპროექტი ასევე საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.
„ინოვაციების შესახებ" კანონში ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ დღეს დაამტკიცა და მალე პარლამენტში გადაიგზავნება, არის ჩვენი, ზოგადად, ინოვაციებისა და სტარტაპ-ეკოსისტემის ხელშემწყობი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც საქართველოში ინოვაციურ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სექტორებს წაახალისებს. ჩვენ შემოგვაქვს სპეციალური სტატუსები კვლევებისა და განვითარების კომპანიებისთვის და ვფიქრობ, საქართველო ამ მიმართულებითაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, საინტერესო საინვესტიციო ადგილი უნდა გახდეს" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, პაკეტი, რომელიც პარლამენტს წარედგინება, მსოფლიოს და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს ითვალისწინებს და ამ მხრივ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს საგადასახადო თვალსაზრისით.
„ცვლილებების შესაბამისად, სამი წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპ კომპანიები სრულად გათავისუფლებულები იქნებიან როგორც საშემოსავლო, ისე მოგების გადასახადისგან, ხოლო შემდგომ პერიოდში მათი გადასახადები იქნება 5 და 10 პროცენტი, რაც საგადასახადო კუთხით შეღავათიან რეჟიმს გულისხმობს. იმედი გვაქვს, ამ გადაწყვეტილებით საქართველოში ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემა კიდევ უფრო წახალისდება და განვითარდება" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი შეფასებით, მთავრობას ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაზე აქვს აქცენტები, რადგან საქართველოს ამ კუთხით შეიძლება ჰქონდეს უპირატესობა განათლების შესაბამისი დონის პირობებში.
„საქართველოში ამის პოტენციალი არსებობს, აქედან გამომდინარე, წახალისებული იქნება კვლევაზე და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიები. ვფიქრობ, რომ აღნიშნული შეღავათები ბიძგს მისცემს ფაქტიურად ეკონომიკის ახალი დარგის განვითარებას - აქაც საქართველო შესაძლებელია იყოს ერთ-ერთი საინტერესო ადგილი, საიდანაც შეიძლება ბევრმა ქვეყანამ კვლევისა და განვითარების ოპერაციები აწარმოოს, ადგილობრივი კომპანიები დააკონტრაქტოს, ხელი შეუწყოს მათ განვითარებას და ესეც ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში" - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826