ინტერესი არის ძალიან მაღალი როგორც დასავლური კომპანიებიდან, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან და შესაბამისად ჩინეთიდან - დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ყველა ინტერესის გათვალისწინებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება წარმატებული l თამარ იოსელიანი
ინტერესი არის ძალიან მაღალი როგორც დასავლური კომპანიებიდან, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან და შესაბამისად ჩინეთიდან და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ყველა ინტერესის გათვალისწინებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება წარმატებული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ე.წ. „ლენდლორდის" მოდელით აშენდება.
„ჩვენ გადავხედეთ ანაკლიის განვითარების გენგეგმას, რაც გულისხმობს, რომ პირველი ფაზისთვის საგრძნობლად გავზარდეთ ტვირთგამტარობა. 1,5 მილიონი ტონიდან ჩვენ ნაყარი და გენერალური ტვირთები ავწიეთ დაახლოებით 10 მილიონ ტონამდე, რაც რა თქმა უნდა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ზოგადად დერეფანში ძალიან მომატებულია ტვირთბრუნვა და შესაბამისად ამ გაზრდილი ტვირთბრუნვის გათვალისწინებით ჩვენ მზად უნდა დავხვდეთ", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, მსოფლიოში ნავსადგურების 2/3 სწორედ ამ მოდელით იმართება - ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა, სინგაპური. ასევეა, ევროპის მაგალითები, როგორიც არის საფრანგეთი, როტერდამი და ა.შ
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან პროექტის დაფინანსების მოსაზიდად. ამასთან, შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც, რათა 2029 წლისთვის ანაკლიის პორტმა პირველი გემი მიიღოს," – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია ისეთი გადახდის სისტემის არსებობა, რომელზეც თავად გვექნება კონტროლი და რომელიც ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში იქნება მოქცეული - ECB-ის პრეზიდენტი ციფრული ევროს პროექტზე
22.10.2026.22:08
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ციფრული ევროს დანიშნულებასა და გადახდის სისტემების მომავალზე საუბრობს. მისი განმარტებით, ციფრული ევრო ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციების, მათ შორის ელექტრონული კომერციისა და სავაჭრო ობიექტებში გადახდების განხორციელებისთვის იქნება განკუთვნილი. ლაგარდი ასევე ყურადღებას ამახვილებს ევროში დენომინირებული სტეიბლკოინების როლზე ტრანსსასაზღვრო გადახდებში და ხაზს უსვამს ტრანზაქციების ღირებულების შეფასების მნიშვნელობას. ,,ციფრული ევრო გადახდების განსახორციელებლად არის განკუთვნილი. როდესაც ერთმანეთთან ფინანსური ანგარიშსწორება გვჭირდება, ამის ორგანიზება ციფრული ევროს საშუალებით შეგვიძლია. მაგალითად, თუ მე თქვენი ვალი მაქვს ან თქვენ გაქვთ ჩემი ვალი, ანგარიშსწორებას ციფრული ევროთი განვახორციელებთ. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ მობილური ტელეფონი ან ბარათი.
სწორედ ეს არის ციფრული ევროს მთავარი დანიშნულება, რაც მოიცავს ელექტრონულ კომერციას, სავაჭრო ობიექტებში გადახდებსა და სხვა ტიპის ტრანზაქციებს.
რაც შეეხება ევროში დენომინირებულ სტეიბლკოინებს, ვფიქრობ, მათი გამოყენება მიზანშეწონილია ისეთი ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის, რომლებშიც ტრანზაქციის ერთი მხარე ევროზონის ფარგლებშია, ხოლო მეორე მის ფარგლებს გარეთ. მიმაჩნია, რომ ციფრული ევრო უნდა არსებობდეს როგორც საცალო, ისე საბითუმო ფორმით, რათა შევძლოთ გადახდების ორგანიზება როგორც მოქალაქეებსა და სავაჭრო ობიექტებს, ისე ბანკებს შორის. ეს უნდა განხორციელდეს ისე, რომ გარე იურისდიქციებმა ან სხვა გარე მონაწილეებმა ვერ შეძლონ, მაგალითად, მომსახურების მიწოდების შეფერხება ან შეზღუდვა.
ჩვენი მიზანი არ არის ამ მოთამაშეების ბაზრიდან განდევნა ან მათთან კონკურენციაში უპირატესობის მოპოვება. პირველ რიგში, ისინი ამისთვის მეტისმეტად მსხვილი მოთამაშეები არიან. მეორე მხრივ, კონკურენციის შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს.
ჩვენი მიზანია ისეთი გადახდის სისტემის არსებობა, რომელზეც თავად გვექნება კონტროლი და რომელიც ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში იქნება მოქცეული”, - აცხადებს ECB-ის პრეზიდენტი.