ინტერნეტით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 93.5% - საქსტატი
შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2026 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 93.5 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.5 პროცენტული პუნქტით აღემატება. ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი საქალაქო დასახლებებში 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 1.5 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 96.8 და 89.0 პროცენტი შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და აჭარის ა.რ.-ში დაფიქსირდა და შესაბამისად, 98.2 და 96.3 პროცენტი შეადგინა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 89.6 პროცენტმა, რაც 1.7 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 92.9 პროცენტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 83.9 პროცენტით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 89.7 პროცენტი, ხოლო კაცების შემთხვევაში 89.5 პროცენტია. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 99.6 პროცენტს შეადგენს.
15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 96.4 პროცენტი ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე იყენებდა, 3.4 პროცენტი - კვირაში ერთხელ მაინც, 0.2 პროცენტი კი - უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, ძირითადად ინტერნეტის გამოყენების მიზნებს წარმოადგენდა: სოციალური ქსელების გამოყენება (97.5%), ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (97.0%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (61.0%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (54.5%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (50.2%), ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (49.0%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (41.7%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის ჩამოტვირთვა (15.8%) და სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (11.5%).
15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 12 თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 38.6 პროცენტმა ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით: საქალაქო დასახლებებში - 42.7 პროცენტს, ხოლო სასოფლო დასახლებებში 31.0 პროცენტს შეადგენს. სქესის მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები ქალებისათვის 42.5 პროცენტი, კაცებისათვის კი 34.2 პროცენტია. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობებია: 15-29 წლის ასაკის მოსახლეობაში - 63.0 პროცენტი, 30-59 წლის ასაკის მოსახლეობაში - 39.9 პროცენტი, ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში - 17.5 პროცენტი.
15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში ინტერნეტის მომხმარებელთა 99.8 პროცენტმა გამოიყენა მობილური მოწყობილობა (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა.შ.) უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად. აღნიშნული მაჩვენებელი ქალებისათვის 99.7 პროცენტს, ხოლო კაცებისათვის - 99.8 პროცენტს შეადგენს.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 57.9 პროცენტი. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 69.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 42.8 პროცენტი. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი თბილისსა და აჭარის ა.რ.-ში დაფიქსირდა და შესაბამისად - 74.1 და 62.1 პროცენტი შეადგინა.
6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 49.9 პროცენტმა ისარგებლა კომპიუტერით ბოლო 3 თვის განმავლობაში. აღნიშნული მაჩვენებელი განსხვავებულია დასახლების ტიპის მიხედვით: საქალაქო დასახლებებში 57.9 პროცენტია, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 36.2 პროცენტი. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 49.0 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაცების შემთხვევაში - 50.8 პროცენტს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, კომპიუტერის მომხმარებელთა ყველაზე მაღალი წილი 6-14 წლის მოსახლეობაში დაფიქსირდა და 89.3 პროცენტი შეადგინა.
15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში კომპიუტერის მომხმარებელთა 70.0 პროცენტი კომპიუტერით ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე სარგებლობდა, 19.0 პროცენტი - კვირაში ერთხელ მაინც, 11.0 პროცენტი კი - უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 93.3 პროცენტი ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით მეტია. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 95.2 და 90.1 პროცენტი შეადგინა.
სხვა სიახლეები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტშიც - თამარ იოსელიანი
15.09.2026.23:39
„მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, შუა დერეფანში უნდა გასამმაგდეს ტვირთების რაოდენობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი კონტრიბუცია აქვს ამ მიმართულებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტშიც" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი".
მინისტრის მოადგილემ მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა და ამ კუთხით აღნიშნა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლებები. თამარ იოსელიანის თქმით, მხოლოდ წელს დაახლოებით 1 მლრდ ლარის ინვესტიცია იდება საქართველოს რკინიგზაში შესაბამისი შემადგენლობების გასაახლებლად.
„ზოგადად, ეს სინერგია და ეს ჯაჭვი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს გზების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მოცულობა - პირველი ფაზა მოემსახურება დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნაყარ და გენერალურ ტვირთს და ასევე 600 000 TEU კონტეინერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრის დამატება იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე ზოგადად რეგიონისთვის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროცესი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
„აქ არის უმნიშვნელოვანესი ორი პროექტი - როგორც გზის მშენებლობა, ასევე სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. როგორც რამდენიმე დღის წინ ითქვა და გაცხადდა, ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ტენდერი დაახლოებით ოქტომბრის თვეში გამოცხადდება და ესეც იქნება შესაბამისი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტმა 2029 წელს სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.