ირაკლი ჩიქოვანი: თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველომ უნდა განავითაროს „შუა დერეფნის“ პოტენციალი, ამ ყველაფერში აუცილებლად მონაწილეობა უნდა მიიღოს ჩინეთმა და ჩინეთი ამისთვის მზად არის
ჩინეთის როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში აფასებენ იმ თანამშრომლობას, რომელიც არსებობს საქართველოსთან და ამავდროულად ხედავენ იმ დიდ, მნიშვნელოვან პოტენციალს, რომელიც ამ თანამშრომლობას გააჩნია. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველომ უნდა განავითაროს „შუა დერეფნის“ პოტენციალი, ამ ყველაფერში აუცილებლად მონაწილეობა უნდა მიიღოს ჩინეთმა და ჩინეთი ამისთვის მზად არის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. ირაკლი ჩიქოვანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ შეხვედრებზე საუბარი იყო არა მარტო ორმხრივ ურთიერთობებზე, არამედ ისეთ საკითხებზე, რომლებშიც აუცილებელია სხვა სახელმწიფოების ჩართულობაც, ჩინეთი სტრატეგიულად უყურებს ამ თანამშრომლობას, საქართველოს როლს და შემდგომში ერთობლივი მუშაობისთვის მზად არის. „დასრულდა ძალიან შედეგიანი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ჩვენ გავცვალეთ არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე საქართველოში თანამშრომლობის თვალსაზრისით. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩინეთის როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში აფასებენ იმ თანამშრომლობას, რომელიც არსებობს საქართველოსთან და ამავდროულად ხედავენ იმ დიდ, მნიშვნელოვან პოტენციალს, რომელიც ამ თანამშრომლობას გააჩნია. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველომ უნდა განავითაროს „შუა დერეფნის“ პოტენციალი, ამ ყველაფერში აუცილებლად მონაწილეობა უნდა მიიღოს ჩინეთმა და ჩინეთი ამისთვის მზად არის. მეორეს მხრივ, ძალიან დიდია დაინტერესება ჩინეთის კერძო, ბიზნეს წრეებში საქართველოში წარმოებულ პროდუქციასთან მიმართებაში. აქ არა მხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ თვითონ კერძო სექტორმაც უნდა იაქტიუროს, რადგან ეს არის უზარმაზარი ბაზარი, რომელსაც სჭირდება ქართული პროდუქტის გაცნობა. შეხვედრებზე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩინეთის მხარე მზად არის არა მხოლოდ რაოდენობრივად გაზარდოს საქართველოდან იმპორტირებული პროდუქცია, არამედ ასევე გააფართოოს იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომლის იმპორტირებაც ხდება ჩინეთში საქართველოდან. ასევე ისინი ძალიან დიდი ყურადღებით უყურებენ იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ეკონომიკაში. მათთვისაც, რა თქმა უნდა, გასაკვირია და პოზიტიურად აღიქვამენ იმ მნიშვნელოვან ეკონომიკური ზრდის ტემპს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფონზე, ორ სახელმწიფოს შორის იქნება ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც კიდევ უფრო მეტ კეთილდღეობას მოუტანს საქართველოს მოსახლეობას და კიდევ უფრო განავითარებს ჩვენს თანამშრომლობას. აქვე დავამატებდი, რომ ჩვენ არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, არამედ საუბარი გვქონდა ასევე ისეთ საკითხებზე, რომლებშიც აუცილებელია სხვა სახელმწიფოების ჩართულობაც. ჩინეთი სტრატეგიულად ხედავს ამ თანამშრომლობის პერსპექტივებს და საქართველოს როლს და შემდგომში ამ ყველაფერზე ერთობლივი მუშაობისთვის მზად არის“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826