ირაკლი ქარქაშაძე ICAO-ს ტექნიკური თანამშრომლობის ბიუროს დირექტორს შეხვდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ტექნიკური თანამშრომლობის ბიუროს დირექტორს, ხორხე ვარგასს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ICAO-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის, საგანმანათლებლო მიმართულებით. საუბარი შეეხო, ასევე საქართველოს საავიაციო სფეროს განვითარების შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებს.
„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან როგორც ფრენების უსაფრთხოების, ისე საგანმანათლებლო კუთხით. ჩვენს გრძელვადიან გეგმებში შედის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სასწავლო ცენტრის ბაზაზე ჩამოვაყალიბოთ UAG აკადემია, რომელიც ICAO-ს და IATA-ს საერთაშორისო სერტიფიცირებული ტრენინგ ცენტრების პირველი ქართული ანალოგი გახდება. ჩვენი პრიორიტეტია, გავზარდოთ ცნობადობა და დაინტერესება ავიაციის სფეროთი, გადავამზადოთ არსებული კადრები და მოვიზიდოთ ახალგაზრდა, კვალიფიციური ავიატორები. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება სამომავლოდ UAG აკადემია, რომლის ტრენინგ კურსებზეც საერთაშორისო დონეზე აღიარებული დიპლომები და სერტიფიკატები გაიცემა,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
შეხვედრას აეროპორტების გაერთიანების სათავო ოფისში, ICAO-ს ტექნიკური თანამშრომლობის ბიუროს ტექნიკური ოფიცერი ემნეთ გებრუ და საველე სამუშაოების აღმასრულებელი ოფიცერი დენის კუბატი ესწრებოდნენ. ქართული მხრიდან კი შეხვედრას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესგანვითარების სამსახურის უფროსი ვაკო ჭილაშვილი და საავიაციო ბიზნესგანვითარების სამსახურის უფროსი კოორდინატორი სალომე ხუნდაძე დაესწრნენ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826