ირაკლი კობახიძე IMF-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებს შეეხო.
განიხილეს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების დინამიკა და საშუალოვადიანი პერიოდის პროგნოზები. აღინიშნა, რომ პანდემიისა და შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, განხორციელებულმა სწორმა და თანმიმდევრულმა ფისკალურმა პოლიტიკამ დადებითი შედეგი მოიტანა ყველა სექტორში.
ისაუბრეს ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე. აღინიშნა, რომ ორწლიანი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ საქართველო კვლავ ინარჩუნებს ამ პოზიციას. 2023 წელს საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 7,5%, ხოლო 2024 წელს, იანვრის წინასწარი მონაცემების თანახმად, 5,8%-ით გრძელდება
ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მიღების მნიშვნელობასა და როლზე, მათ შორის, საჯარო ფინანსების მართვით დაგეგმილი რეფორმების მიმართულებით.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826