ის, რომ ქვეყანამ ბოლო 3 წელიწადში მოახერხა მშპ-ის გაორმაგება, აღტაცებას იწვევს ჩვენს ევროპელ კოლეგებში - პრემიერი
ის, რომ ქვეყანამ ბოლო 3 წელიწადში მოახერხა მშპ-ის გაორმაგება დოლარში,აღტაცებას იწვევს ჩვენს ევროპელ კოლეგებში, ყველა არის სასიამოვნოდ გაოცებული, რომ ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა, დაბალიინფლაცია და ყველა პარამეტრი არის გაუმჯობესებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა გააგრძელებს ბრიუსელთან მუშაობას, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში კომისიამ თავისი მოსაზრება უნდა გამოაქვეყნოს სტატუსთან მიმართებაში და მანამდე საქართველოს კიდევ უფრო მეტი პროგრესის ჩვენება შეუძლია.
„მინდა აღვნიშნო, რომ ყველა არის სასიამოვნოდ გაოცებული, რომ ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა, ძალიან დაბალი ინფლაცია და ყველა პარამეტრი არის გაუმჯობესებული და ძლიერი. ის, რომ ქვეყანამ ბოლო სამ წელიწადში მოახერხა მთლიანი შიდა პროდუქტის გაორმაგება დოლარში, ეს რა თქმა უნდა, იწვევს აღტაცებას ჩვენს ევროპელ კოლეგებში. ასევე იციან, რომ მშვიდობას და სტაბილურობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იციან, რომ მშვიდობის გარეშე არაფერი არ იქნება და რეგიონში იქნება სრული გაუგებრობა. ამ ყველაფერს აფასებენ ჩვენი ევროპელი მეგობრები და კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მათთან კომუნიკაციას, გვექნება მუშაობა ბრიუსელთან, მჭიდრო მუშაობა. ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში ველოდებით რეკომენდაციას, კომისია მუნდა გამოაქვეყნოს ოფიციალურად მისი მოსაზრება სტატუსთან მიმართებაში და მე ვფიქრობ, რომ მანამდე ჩვენ კიდევ უფრო მეტი პროგრესის ჩვენება შეგვიძლია",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826