ისეთი გლობალური მოთამაშე, როგორიც Google-ია საქართველოში თავისი სახსრებით შემოვიდა - ავთანდილ კასრაძე
„Google Street View - მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GITA - ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროექტზე მუშაობა დაახლოებით 2,5 წლის წინ დაიწყო, ხოლო საქართველოს მიერ პროცედურების სწრაფად გავლამ და ეფექტიანმა თანამშრომლობამ კომპანიასთან პროექტის წარმატებით განხორციელებას შეუწყო ხელი.
„მოგეხსენებათ, ისეთი გლობალური მოთამაშე, როგორიც Google-ია საქართველოში თავისი სახსრებით შემოვიდა. ანუ, საქართველოს მთავრობას არცერთი თეთრი არ გადაუხდია იმისთვის, რომ ეს შედეგი მიგვეღო. ეს არის Google-ის ინვესტიცია ჩვენი ციფრული ტრანსფორმაციისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ წლების განმავლობაში ვესაუბრებოდით Google-ს ამ მიმართულებით. ეს პროცესი დაახლოებით 2.5 წლის წინ დაიწყო, ხოლო უშუალოდ გადაღების პროცესი უკვე ერთი წელი მიმდინარეობდა.
ჩვენ ძალიან მოკლე ვადებში გავეცით ყველა საჭირო ნებართვა და ლიცენზია იმის შესახებ, თუ სად შეიძლებოდა გადაღება - მოგეხსენებათ, სამხედრო ობიექტების გადაღება აკრძალულია და ა.შ. ეს პროცესი ძალიან სწრაფად გავიარეთ. Google Maps-ის გლობალური დირექტორი იყო ჩამოსული. ზოგადად, Google-ის მართვა დირექტორატებისგან შედგება და მას საკმაოდ მკაცრი ვერტიკალი აქვს. სწორედ ამ ერთ-ერთი უდიდესი ვერტიკალის, Google Maps-ის ხელმძღვანელი იმყოფებოდა საქართველოში. თვითონ Google-ის გუნდსაც კი უკვირდა - დირექტორი, როგორც წესი, მსგავს გახსნებზე თავად არ დადის ხოლმე და მისი საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Google-თან ძალიან ბევრ თემაზე შეიძლება ლაპარაკი. ეს ჩვენთვისაც საუკეთესო შესაძლებლობა იყო, რათა მასთან ერთად განგვეხილა, თუ კიდევ რა შეიძლება დაიგეგმოს მომავალში ამ თანამშრომლობის ფარგლებში“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
ავთანდილ კასრაძის განმარტებით, Google Street View-ის ფარგლებში საქართველოში არსებული 21 000 კილომეტრი გზიდან 13 000 კილომეტრი უკვე გაციფრულებულია, რაც ქვეყნის ტურისტული და ციფრული ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, აქამდე Google-ის რუკებზე ცალკეული ლოკაციები და ქუჩები იყო წარმოდგენილი, თუმცა ახალი პროექტის შედეგად საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი სრულფასოვნად აისახა პლატფორმაზე.
სხვა სიახლეები
Google-ის მხრიდანაც ძალიან დიდი ინტერესი ფიქსირდება - ავთანდილ კასრაძე
26.06.2026.11:40
Google Street View-ის პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, საქართველო და Google-ი თანამშრომლობის გაფართოებაზე, მათ შორის ხელოვნური ინტელექტისა და საგანმანათლებლო რესურსების მიმართულებით მუშაობას გეგმავენ. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GITA - ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ აღნიშნა, Google-მა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის პროცესის ეფექტიანობა განსაკუთრებით დადებითად შეაფასა, ხოლო მხარეებმა შეთანხმება გამოთქვეს, რომ რუკების პროექტის წარმატება ახალი, უფრო ფართომასშტაბიანი ინიციატივების საფუძველი გახდეს.
„ნამდვილად, Google-ის მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან სწრაფ ტემპებში უზრუნველყო ყველა საჭირო ინსტრუმენტის გადაცემა ამ პროცესის დროულად დასაწყებად. მათ აღნიშნეს, რომ სხვა არცერთ ქვეყანაში მსგავსი პრაქტიკა არ ჰქონიათ.
ჩვენი მესიჯიც სწორედ ის იყო, რომ ეს წარმატება ძალიან კარგი სიგნალი უნდა გახდეს Google-ისთვის, რათა ვითანამშრომლოთ არა მხოლოდ რუკების, არამედ ბევრი სხვა მიმართულებითაც. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი ხელოვნური ინტელექტის სფეროში პარტნიორობაზე გავაკეთეთ, ვინაიდან Google-ის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენის მხარდაჭერის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ინსტრუმენტების გამოყენება საგანმანათლებლო თუ სხვადასხვა სამუშაო პროცესში.
გარდა ამისა, Google-ს აქვს უამრავი საგანმანათლებლო რესურსი, რომელთა ხელმისაწვდომობაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალზედ პრიორიტეტულია. საბოლოოდ, ჩვენ შევთანხმდით, რომ Google Maps-თან დაკავშირებული ეს წარმატებული თანამშრომლობა უფრო ფართომასშტაბიან, ახალ პარტნიორობაში გადაიზარდოს. ამ მიმართულებით Google-ის მხრიდანაც ძალიან დიდი ინტერესი ფიქსირდება“, - აღნიშნა კასრაძემ.