ისრაელთან ვაჭრობაში სტრუქტურული ცვლილებები უკვე შესამჩნევია - გვანცა მელაძე
ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დაწყებიდან უკვე 4 თვე გავიდა. Business Insider Georgia-ს კითხვაზე, რა გავლენა იქონია ომმა საქართველო-ისრაელის სავაჭრო ბრუნვაზე, ექსპორტის განვითარების ასოციაციის მმართველი პარტნიორი გვანცა მელაძე პასუხობს, რომ ისრაელთან ვაჭრობაში სტრუქტურული ცვლილებები უკვე შესამჩნევია.
„2023 წლის სტატისტიკური მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით გარკვეული პოზიციები მკვეთრად არის გაზრდილი, ნაწილი კი მკვეთრად შემცირებული.
ისრაელში ყველაზე მეტად სასმელების ექსპორტი შემცირდა, შემცირებულია კონსერვირებული პროდუქციაც, რაც ღირებულებით მაჩვენებელში დაახლოებით 3 მლნ დოლარამდეა.
მთლიანობაში ექსპორტის მაჩვენებელმა ისრაელში 15 მლნ დოლარი იყო, აქედან გამომდინარე, წილი საკმაოდ დიდია. ამავდროულად შემცირებულია ქირურგიული ინვენტარის ექსპორტი, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ეს შეიძლება იყოს პლასტიკური ქირურგიისთვის გამოსაყენებელი ძაფები, რომელიც აქტიურად გადიოდა ისრაელში. მიმდინარე მოვლენების ფონზე შემცირებულია ესთეტიკური დანიშნულების პროდუქციის მოხმარება.
რაც შეეხება ზრდას, აქ გარკვეულწილად იგრძნობა საომარი მოქმედებების გავლენა, რადგანაც ძირითადად გაზრდილია თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტი, ასევე გარკვეული დანადგარების, სასუქის და საფეიქრო ნაწარმის ექსპორტი.
ეს უკანასკნელი შესაძლოა, დაკავშირებული იყოს უნიფორმების ექსპორტთან, რომელიც საქართველოდან საკმაოდ წარმატებით გადის. საქართველოში შეკერილი უნიფორმების ექსპორტი წარმატებულია არა მხოლოდ ისრაელში, არამედ ევროპაშიც და ამ კატეგორიაშია ძირითადად ცეცხლგამძლე უნიფორმები.
სამწუხაროდ, სტატისტიკა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ზუსტად ამოვიცნოთ რა პროდუქციაზეა საუბარი და მხოლოდ კატეგორიებით შეგვიძლია გავაანალიზოთ. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დროისთვის არსებული სტრუქტურული ცვლილებები ჰგავს საომარი მოქმედების დროს შეცვლილ ეკონომიკურ მასშტაბს, ფორმატს და მოთხოვნებს“, - აღნიშნა გვანცა მელაძემ.
ექსპორტის განვითარების ასოციაციის მმართველი პარტნიორი ფიქრობს, რომ ქართულმა კომპანიებმა მაქსიმალურად უნდა მოახდინონ ბაზრების დივერსიფიცირება.
უფრო მეტიც, ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ კომპანიის ექსპორტის 20-30%-ზე მეტი ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
„დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია. არ არის მარტივი, მაგრამ საჭიროა. არ ვიცით, ისრაელში ექსპორტზე კომპანიების რა წილი იყო დამოკიდებული (ანუ არ ვიცით ჯამურ ექსპორტში თითოეულ კომპანიას რა წილი ჰქონდა) და რთულია ანალიზი, თუმცა კომპანიები უნდა გადამისამართდეს სხვა საექსპორტო ბაზრებზე. ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ კომპანიებს, რომ არასოდეს იყვნენ 20-30%-ზე მეტად კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებული. მით უმეტეს, ისრაელის მიმართულება სახმელეთო ექსპორტის თვალსაზრისით ყოველთვის პრობლემატური იყო, რადგან მარშრუტი ისეთ ტერიტორიებს გადის, რომელიც პოლიტიკური არასტაბილურობით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე პასუხი არის მხოლოდ ბაზრების დივერსიფიცირება,“ - მიიჩნევს გვანცა მელაძე.
იგივე თემაზე:
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826