ისტორიული შეთანხმებების პაკეტი გაფორმდა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული, ეკონომიკური პარტნიორია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში - მარიამ ქვრივიშვილი
„ისტორიული შეთანხმებების პაკეტი გაფორმდა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში. ამას წინ უძღოდა მრავალთვიანი, საკმაოდ კომპლექსური და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. აღნიშნულ შეთანხმებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც აზერბაიჯანში ვიზიტის შედეგები შეაჯამა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, აზერბაიჯანთან შეთანხმების პაკეტი ორ ძირითად, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სექტორებს ფარავს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აზერბაიჯანი ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული, ეკონომიკური პარტნიორია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში.
„სწორედ აქედან გამომდინარე არის უმნიშვნელოვანესი, რომ მრავალთვიანმა, ძალიან მეგობრულმა, პარტნიორულმა მოლაპარაკებამ ნაყოფიერი შედეგი გამოიღო და წარმატებით დასრულდა. რა თქმა უნდა, უდიდესი როლი ჰქონდა ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს საქართველოში, მის შეხვედრას „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. რა თქმა უნდა, ორმხრივი შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. მოკლედ რომ შევაჯამო, ეს იყო მრავალთვიანი კომპლექსური მოლაპარაკება. ჩვენი გუნდი ძალიან აქტიურად აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ამან კიდევ ერთხელ, თვალნათლივ გამოაჩინა, თუ რაოდენ კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს აზერბაიჯანთან", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სწორედ ამ შედეგით, მორიგ ჯერზე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურმა გუნდმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ საქმით აჩვენა, რომ მისი თითოეული ქმედება და დასახული ამოცანები ყოველთვის მიმართულია ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე, კონკრეტული ინდუსტრიების გაძლიერებაზე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული ბანკი ივლისის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს" აქვეყნებს
29.07.2026.18:29
ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, გასულ წელს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა, რომლითაც უფრო გამჭვირვალე გახადა რისკების მართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი. აღნიშნული ნაბიჯით ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების მორიგ ეტაპზე გადავიდა, რითაც აუმჯობესებს მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქციის აღქმადობას და აძლიერებს პოლიტიკის გადაცემის არხების ეფექტურობას.
"მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში" ინფლაციის, ეკონომიკური ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის იმ პროგნოზების აღწერას გაეცნობით, რომელთაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება. გამოცემის მიზანი სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის დეტალური ახსნაა.
ზოგადად, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა მოიაზრებს მაღალი გაურკვევლობის შედეგად წარმოქმნილი რისკების სპექტრის ანალიზსა და, მათზე საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესაძლო ტრაექტორიების კომუნიკაციას.
ცენტრალური სცენარი
აქედან გამომდინარე, სებ ცენტრალურ სცენართან ერთად სხვადასხვა რისკ-სცენარსაც განიხილავს
მაღალინფლაციური სცენარი
ერთი მხრივ, სებ განიხილავს მაღალინფლაციური რისკის სცენარს, რომელიც მოიაზრებს გეოპოლიტიკური ვითარების უფრო მეტად გახანგრძლივებასა და გამწვავებას. ამის ფონზე, საერთაშორისო ბაზარზე სასაქონლო ფასები უფრო მეტად გაიზრდება, რაც ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასებზე გადმოეცემა. შედეგად საქართველოშიც მიწოდების მხრიდან მომდინარე ინფლაციური შოკი გაძლიერდება, რაც მეორე რიგის ეფექტებს გაამწვავებს და საბოლოოდ ინფლაცია ცენტრალურად სცენართან შედარებით მაღალი იქნება.
დაბალინფლაციური სცენარი
დაბალინფლაციური რისკის სცენარი გეოპოლიტიკური ვითარების სწრაფ დეესკალაციას მოიაზრებს. ასეთ პირობებში, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების წნეხი მოსალოდნელზე ადრე შემცირდება. ამასთან, ფუნდამენტური ფაქტორების გაუმჯობესება შიდა ინფლაციურ წნეხს შეარბილებს, რაც ინფლაციის მიზნობრივ დონემდე დაბრუნებას და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო სწრაფ ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ინარჩუნებს, თუმცა მომატებული ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის შედარებით მკაცრი პოზიცია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ტრაექტორია დამოკიდებული იქნება საგარეო შოკების საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემის სიძლიერესა და პოტენციურ გავლენაზე. თუ ინფლაციური რისკები, მეორე რაუნდის ეფექტები და ინფლაციური მოლოდინები, მოსალოდნელზე მეტად გაძლიერდება, ეროვნული ბანკი მზად არის მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს.
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების განყოფილებაში.