იტალიური კომპანიების ოპერირება საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას ქმნის ცოდნის გადაცემის, ხარისხის სტანდარტებისა და ოპერაციული საუკეთესო პრაქტიკის მეშვეობით - მასიმილიანო დ'ანტუონო
მცირე და საშუალო ზომის სამრეწველო ფირმები ყველაზე ძლიერ და თანმიმდევრულ ინტერესს იჩენენ საქართველოს ბაზრის მიმართ, თუმცა თანდათანობით ჩნდებიან მსხვილი იტალიური ჯგუფებიც, რომლებსაც იზიდავთ ქვეყანაში ორმხრივი თანამშრომლობისა და ინვესტირების შესაძლებლობები, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში იტალიის ელჩი.
მასიმილიანო დ'ანტუონოს თქმით, მოცემულ კონტექსტში, მცირე და საშუალო კომპანიები ხშირად გამოირჩევიან შედარებით მცირე ორგანიზაციული ზომით, მაგრამ მაღალ პროფესიონალიზმით, ტექნიკური გამოცდილებით და სექტორულ სპეციალიზაციაზე დაყრდნობით - მახასიათებლები, რომლებიც საქართველოში ბაზარზე მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას უზრუნველყოფს.
„იტალიური მცირე და საშუალო საწარმოები ხშირად მაღალკვალიფიციური ნიშური მოთამაშეები არიან, რომლებსაც ძლიერი ცოდნა აქვთ ისეთ სფეროებში, როგორიცაა წარმოება, სოფლის მეურნეობის გადამუშავება, სამშენებლო ტექნოლოგიები, მანქანა-დანადგარები, დიზაინზე ორიენტირებული სამომხმარებლო საქონელი და ტექნიკური მომსახურება. მათი მოქნილობა და გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე საშუალებას აძლევს მათ სწრაფად მოერგონ ადგილობრივ პირობებს, მოახდინონ პროდუქტების ან პროცესების პერსონალიზაცია და დაამყარონ მჭიდრო, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები ადგილობრივ პარტნიორებთან. ეს მათ განსაკუთრებით კარგად ერგება საქართველოს ეკონომიკურ სტრუქტურას, რომელიც უპირატესობას ანიჭებს მაღალი ხარისხის, მორგებულ გადაწყვეტილებებს სტანდარტიზებულ მასობრივ წარმოებასთან შედარებით და სთავაზობს ბაზარზე შესვლისა და პარტნიორობაზე დაფუძნებული ზრდის შესაძლებლობებს.
მეორეს მხრივ, საშუალო ზომის სამრეწველო ფირმები ამ მოქნილობას აერთიანებენ უფრო დიდ წარმოებით შესაძლებლობებსა და საერთაშორისო გამოცდილებას, რაც მათ საშუალებას აძლევს ჩაერთონ უფრო სტრუქტურირებულ პროექტებში, მათ შორის ტექნოლოგიური ტრანსფერში, ადგილობრივ ასამბლეასა და კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებაში. მათი ოპერირება საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას ქმნის ცოდნის გადაცემის, ხარისხის სტანდარტებისა და ოპერაციული საუკეთესო პრაქტიკის მეშვეობით, ასევე ადგილობრივი ღირებულების ჯაჭვების გაძლიერებით.
ბოლოს, მსხვილი იტალიური ჯგუფები ძირითადად ინტერესდებიან ინფრასტრუქტურით, ენერგეტიკითა და მასშტაბური განვითარების პროექტებით, სადაც ფინანსური სიმძლავრე და გრძელვადიანი ინვესტიციური შესაძლებლობები უმნიშვნელოვანესია“, - განმარტავს საქართველოში იტალიის ელჩი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826