ივლისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.7 მილიარდ ლარს მიაღწია - სტატისტიკა
ივლისში საპენსიო ფონდის პორტფელების შედეგები, ძირითადად, აზია-წყნარი ოკეანისა და განვითარებადი ქვეყნების სააქციო ბაზრებზე დაფიქსირებულმა კლებამ განსაზღვრა, რაც ხელოვნური ინტელექტის სექტორში განხორციელებული ინვესტიციების უკუგებასთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ და ტექნოლოგიური აქციებიდან სხვა სექტორებისკენ როტაციამ გამოიწვია. ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ლარის 0.71%-იანი გამყარებამ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების შემოსავლიანობა დამატებით შეამცირა, თუმცა აღნიშნული კლება ადგილობრივი ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების სტაბილურმა შედეგმა დააბალანსა.
შედეგად, ივლისში ყველაზე მაღალი, 0.36%-იანი ზრდა კონსერვატიულმა პორტფელმა აჩვენა, რაც ამ პორტფელში ადგილობრივი ინსტრუმენტების უფრო მაღალი წილით აიხსნება. ამავე პერიოდში დაბალანსებული პორტფელი 0.27%-ით, ხოლო დინამიკური პორტფელი 1.03%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ ივლისში დაფიქსირებული 0.45%-იანი თვიური დეფლაციის გათვალისწინებით, კონსერვატიული და დაბალანსებული პორტფელების რეალურმა თვიურმა შემოსავლიანობამ, შესაბამისად, 0.81% და 0.17% შეადგინა, ხოლო დინამიკური პორტფელის შემთხვევაში -0.58%.
ივლისის შედეგის მიუხედავად, სამივე პორტფელი წლის დასაწყისიდან დღემდე მაღალ მომგებიანობას ინარჩუნებს, დინამიკური პორტფელი კი ლიდერობას აგრძელებს:
დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან მიღებული შემოსავლიანობითაც ლიდერობს და მისი გაწლიურებული ამონაგები 14.03%-ს (რეალური: 9.79%) შეადგენს. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების შემთხვევაში შესაბამისი მაჩვენებლები 12.98% (რეალური: 8.78%) და 10.28%-ია (რეალური: 4.40%).
ივლისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, მათ შორის ჯამური მოგება 2.9 მილიარდი ლარია.
ფონდის აქტივების, საინვესტიციო პორტფელების განაწილებისა და შედეგების დეტალური მიმოხილვისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ინტერაქტიულ ანგარიშებს
სრული ყოველთვიური საინვესტიციო ანგარიშების სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
სხვა სიახლეები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტშიც - თამარ იოსელიანი
15.09.2026.23:39
„მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, შუა დერეფანში უნდა გასამმაგდეს ტვირთების რაოდენობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი კონტრიბუცია აქვს ამ მიმართულებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტშიც" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი".
მინისტრის მოადგილემ მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა და ამ კუთხით აღნიშნა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლებები. თამარ იოსელიანის თქმით, მხოლოდ წელს დაახლოებით 1 მლრდ ლარის ინვესტიცია იდება საქართველოს რკინიგზაში შესაბამისი შემადგენლობების გასაახლებლად.
„ზოგადად, ეს სინერგია და ეს ჯაჭვი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს გზების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მოცულობა - პირველი ფაზა მოემსახურება დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნაყარ და გენერალურ ტვირთს და ასევე 600 000 TEU კონტეინერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრის დამატება იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე ზოგადად რეგიონისთვის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროცესი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
„აქ არის უმნიშვნელოვანესი ორი პროექტი - როგორც გზის მშენებლობა, ასევე სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. როგორც რამდენიმე დღის წინ ითქვა და გაცხადდა, ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ტენდერი დაახლოებით ოქტომბრის თვეში გამოცხადდება და ესეც იქნება შესაბამისი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტმა 2029 წელს სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.