ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9% - პრემიერი
მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს ნიშნავს იმას, რომ შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი.
„გვაქვს დადებითი დინამიკა ყველა ამ მიმართულებით. განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რეფორმები სხვადასხვა სფეროში, რაც არის დაკავშირებული ეკონომიკურ განვითარებასთან. ეს ეხება ლოჯისტიკას, ტრანსპორტს, კომუნიკაციას, ენერგეტიკას, ტურიზმს, ბევრ სხვა სფეროს. რა თქმა უნდა, ამ ეკონომიკური მაჩვენებლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის სწორედ ეს წინსვლა ეკონომიკის სხვადასხვა დარგში სხვადასხვა მიმართულებით.
გარდა ამისა, კორუფციასთან ბრძოლა იძლევა შედეგებს და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ მოვახერხეთ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება, არის სწორედ ეს, რომ მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826