ივლისში ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები გაიზარდა
ელექტრომობილებზე გლობალური მოთხოვნა ივლისში ზედიზედ მეხუთე თვეა იზრდება. ზრდის მთავარი მამოძრავებელი ევროპა იყო, მაშინ როდესაც გაყიდვები ჩინეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში შემცირდა.
ივლისში ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილებისა და plug-in ჰიბრიდების გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით გაიზარდა და 1.85 მილიონ ერთეულს მიაღწია. წლის დასაწყისიდან დღემდე გაყიდვების მოცულობამ 11.5 მილიონ ავტომობილს მიაღწია.
ევროპაში გაყიდვები 33%-ით გაიზარდა და 450,000 ერთეულს მიაღწია, რის შედეგადაც წლის დასაწყისიდან ზრდამ 28% შეადგინა.
ივლისში საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში ელექტრომობილების გაყიდვები, შესაბამისად, 81%-ით, 46%-ით და 43%-ით გაიზარდა.
ამავდროულად, ჩინეთში გაყიდვები 5%-ით შემცირდა და 980,000 ავტომობილი შეადგინა.
ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვები 27%-ით დაეცა და 140,000 ერთეულამდე შემცირდა, რაც აშშ-ში ელექტრომობილებზე მოქმედი საგადასახადო შეღავათების გაუქმებას მოჰყვა.
მსოფლიოს სხვა რეგიონებში გაყიდვები 97%-ით გაიზარდა და 280,000 ერთეულს მიაღწია.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826