ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ ჯივინოსტატს შეიძენს. მედიკამენტის მწარმოებელ კომპანია იტალფარმაკოსთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. სამინისტრომ პრეპარატი მართული შესვლის შეთანხმების (MEA) მექანიზმით შეიძინა და მისი მოწოდება საქართველოში უახლოეს პერიოდში დაიწყება. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც შეიძენს ამ მედიკამენტს და შეიტანს მას დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.
მედიკამენტი განკუთვნილია გადაადგილების უნარის მქონე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან.
ჯივინოსტატი ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოთხოვნადი მედიკამენტია, რომლის თაობაზეც, დასაწყისიდანვე, სამინისტრო იმედიანად იყო განწყობილი, როგორც ეს არაერთხელ აღინიშნა.
ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანია იტალფარმაკოსთან მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში წარმართა და შეთანხმებას მოკლე ვადაში მიაღწია. სამინისტრო აფასებს კომპანია იტალფარმაკოს ოპერატიულობასა და თანამშრომლობის მაღალ ხარისხს, რამაც შეთანხმების დროულად გაფორმება შესაძლებელი გახადა.
იტალფარმაკოს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობამ და პრეპარატის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართ გამოჩენილმა მზაობამ დაადასტურა, რომ პაციენტების, სახელმწიფოსა და ინდუსტრიის ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას უწყობს ხელს.
„გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, რათა გვეპოვა გზა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის საქართველოში ჯივინოსტატის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ ჯივინოსტატი საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ეს შეთანხმება პარტნიორობის ძალას ნათლად აჩვენებს. როდესაც პაციენტები, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან, შეუძლებელი არაფერია და სწორედ პაციენტი ხდება ყველა ძალისხმევის მთავარი ცენტრი. ამ თანამშრომლობით ნამდვილად ვამაყობ და საქართველოს მთავრობასთან და პაციენტთა საზოგადოებასთან ერთად მუშაობას გავაგრძელებთ, რათა ეს შესაძლებლობა ყველა პაციენტამდე მივიდეს“ - განაცხადა იტალფარმაკო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანჩესკო დი მარკომ.
ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის გაძლიერებაზე. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირებისთვის გაფართოებულია სამედიცინო მომსახურების პაკეტი, რომელიც მოიცავს მულტიდისციპლინურ მეთვალყურეობას, სპეციალისტების კონსულტაციებს, დაავადების მართვისთვის აუცილებელ კლინიკურ-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს და სხვა საჭირო სერვისებს.
სხვა სიახლეები
თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა
07.09.2026.19:56
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევსა და კომპანია KTZ Express - ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, აიბეკ კაპარსშეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზებს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა და საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.
შეხვედრას დაესწრო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ქაჯაია.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.