„ჯორჯიან მანგანეზი“ თანახმაა, მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს - კომპანიის განცხადება
18 ივნისს, კომპანიის მენეჯმენტის, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერისა და მედიატორის მონაწილეობით მორიგი მოლაპარაკება გაიმართა. დასაქმებულთა მოთხოვნის გათვალისწინებით კომპანიამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
- 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება - 12 საათიანი სამუშაო გრაფიკით
- პირველ ეტაპზე ხელფასი გაიზრდება 5%-ით. კომპანია ასევე მზადაა მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც.
- კომპანიაში აუდიტის ჩატარება
კომპანია მზადაა, პარალელურად შეიქმნას ერთობლივი სამუშაო კომისია. კომისიაში ჩაერთვება ყველა მხარე - დასაქმებულები, დამსაქმებელი კომპანია, აუდიტორი, მედიატორი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში და პროფკავშირები.
კომისია შეისწავლის თანამშრომელთა მოთხოვნებს, მათ პრობლემებისა და წარმოშობის მიზეზებს, იმსჯელებს მდგომარეობის გამოსწორების გზებზე, ადგილზე გაეცნობა დასაქმებულთა შრომის პირობებსა და მათ შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან.
ასევე კომისია შეისწავლის სამუშაო პროცესის ორგანიზების ძველ მეთოდსა და კომპანიის მხრიდან მოთხოვნილი ახალი სამუშაო პროცესის საჭიროებისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის აუცილებლობას.
პროფკავშირების მოთხოვნით, კომპანია აცხადებს მზაობას, ამ პერიოდის განმავლობაში წარმოადგინოს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა საწარმოს გასული 2 წლისა და მიმდინარე წლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
ასევე, კომპანია მზად არის დამოუკიდებელმა აუდიტორმა შეაფასოს ჭიათურის მადნის კონცენტრატის საპროგნოზო, საგეგმო თვითღირებულება.
აქედან გამომდინარე, კომისია იმსჯელებს შრომითი და ფინანსური კრიზისის დაძლევისა და გამოსწორების შესაძლო გზებზე, რათა თანაბრად იყოს დაცული დასაქმებულთა და დამსაქმებლის ინტერესები.
ამ ეტაპისთვის კომპანიაში დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება შეუძლებელია. ჯორჯიან მანგანეზში დღეს არსებული კრიზისი გამოწვეულია მადნის ფასის მნიშვნელოვნად გაუფასურებით. კომპანია ასეთ რეჟიმში უკვე რამდენიმე წელია მუშაობს და მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს განიცდის.
კომპანიას მიაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალია წარმოების დროულად განახლება. ჯორჯიან მანგანეზი მოუწოდებს თანამშრომლებს კონსტრუქციული დიალოგისა და შეთანხმებისკენ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826