კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი ზღვის დაბინძურებისთვის ₾ 65 ათასით დააჯარიმეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
კამერუნის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 2000 ლარამდე შეადგინა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (მუხლი 58 პრიმა 2, მე-7 ნაწილი) საფუძველზე, ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად სცნო და 65 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
კამერუნის დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.
„ზღვის დაბინძურების ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია დეპარტამენტისთვის პრიორიტეტულია. მიმდინარე წელს, უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ ზღვის დაბინძურების უკვე 2 ფაქტია გამოვლენილი. მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ჯარიმა 65 ათასი ლარია.
საქართველოს პარლამენტი განიხილავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომზადებულ საკაონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმის 100 ათას ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ზღვის დაბინძურების პრევენცია, შავი ზღვის ქვეყნებთან ამ მიმართულებით საჯარიმო სანქციების ჰარმონიზება და ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანაა“,- განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826