კაპიტალის ბაზარს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რათა ბიზნესს ჰქონდეს ალტერნატივა დამატებითი ფინანსების მოზიდვისათვის - ირაკლი გაბრიაძე
„კაპიტალის ბაზარს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაფინანსების ალტერნატიული წყაროების გაჩენისათვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს ალტერნატივა თუ რა წყაროებითა და მექანიზმებით შეძლებს ის დამატებითი სასესხო თუ კაპიტალის მოზიდვას საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ამ კუთხით დადებითი ტენდენციაა.
„პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თაოსნობით, საქართველოს პარლამენტის ძალიან აქტიური და ნაყოფიერი ჩართულობით მოხდა დაახლოებით ხუთი წლის წინ და შეიქმნა მყარი სამართლებრივი ჩარჩო იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს და განვითარდეს აღნიშნული ბაზარი.
რაც შეეხება ბოლო ორი წლის ტენდენციას, ის ძირითადად ორ ჭრილში შეიძლება განვიხილოთ. პირველი ეს არის სასესხო ფასიანი ქაღალდების, ეგრეთ წოდებული ობლიგაციების ემისია. 2025 წელს ემისიების მოცულობამ 1,5 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაორმაგებული ციფრია. ჯამურად რომ შევაფასოთ, ისტორიულად 5,5 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის ობლიგაციაა გამოშვებული, საიდანაც 1,5 მილიარდი ლარი მხოლოდ გასულ წელს განთავსდა. ეს ყველაფერი სახელმწიფოს, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“-ს ძალიან აქტიური ჩართულობით განხორციელდა, რადგან ჩვენს პორტფელში გვაქვს პროგრამა, რომელიც სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვების მხარდაჭერას ითვალისწინებს“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა.
„მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2024 წლის აპრილიდან ფუნქციონირებს, მხარდაჭერა უკვე გამოეცხადა 14 კომპანიის 22 ემისიას. მხოლოდ ამ მხარდაჭერილი ემისიების მოცულობამ უკვე გადააჭარბა მილიარდ ლარს. თუმცა, ამ ბაზარზე ყველაზე მეტად ახალი ემიტენტების გამოჩენა გვახარებს.
„ამ 14 ემიტენტიდან 5 სრულიად ახალია ბაზარზე და მჯერა, რომ მათი მოზიდვა და კაპიტალის ბაზარზე შემოსვლა სწორედ ჩვენი პროგრამის დამსახურებაა. მთლიან ემისიებში ჩვენს პროგრამას დაახლოებით 45-50%-იანი წილი უჭირავს, რაც ამ პროცესში სახელმწიფოს მხარდაჭერის უდიდეს როლზე მიანიშნებს.
მიმდინარე წელსაც ამ ბაზარზე საკმაოდ მაღალი აქტივობა ფიქსირდება, – უკვე განხორციელდა 320 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ემისია. ველოდებით, რომ წლის ბოლომდე ეს მიმართულება კიდევ უფრო ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება.
დღეისათვის ამ სექტორის მთლიანი აქტიური პორტფელი 2,7 მილიარდ ლარს შეადგენს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მაჩვენებელი საბანკო სესხების მოცულობას ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩამოუვარდება, თუმცა თავად სასესხო ინსტრუმენტის ზრდის ტემპი და მისი წილი მთლიან სასესხო პორტფელში საკმაოდ სწრაფად იზრდება.
კაპიტალის ბაზრის განვითარების ჭრილში, მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც უნდა განვიხილოთ, საინვესტიციო ფონდებია. საკმაოდ მაღალი აქტივობაა საინვესტიციო ფონდების მიმართულებითაც. ქვეყანაში უკვე 21 ფონდია დარეგისტრირებული, ხოლო მათი აქტივების მოცულობა გასულ წელს ორნახევარჯერ გაიზარდა და 170 მილიონი ლარიდან 440 მილიონ ლარს მიაღწია. მნიშვნელოვან ზრდას ველოდებით მიმდინარე წელსაც“, - განაცხადა კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა.
ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არსებული საინვესტიციო ფონდების სტრუქტურაა. მისი თქმით, დღეს ბაზარზე არსებული ფონდების მოცულობის დაახლოებით 97% ფიქსირებული შემოსავლის მქონე სასესხო ინსტრუმენტებისკენ არის მიმართული, რაც დაფინანსების ალტერნატიული ფორმების განვითარების აუცილებლობაზე მიუთითებს. გაბრიაძის შეფასებით, სწორედ ამ მიმართულებით ხედავს საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია საკუთარი ჩართულობისა და მხარდაჭერის საჭიროებას.
„ანუ აღნიშნული ფონდები ძირითადად ყიდულობენ ბონდებს, ძირითადად ყიდულობენ სესხების აქტივებს. და ჩვენ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ კერძო კაპიტალის ფონდების განვითარებას, რომელიც უკვე კომპანიებს დააფინანსებენ პირდაპირ კომპანიებში წილობრივი მონაწილეობით შესვლით. და ამ მიმართულებით გვექნება არაერთი აქტივობა, მათ შორის უახლოეს მომავალში კორპორაცია უკვე გეგმავს, რომ გაუშვას პროგრამა, სადაც ჩვენ განვახორციელებთ ინვესტირებას იმ ფონდებში, რომლებიც შემდეგ დააფინანსებს ქართულ ბიზნესს ამ მექანიზმის გამოყენებით“, - განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ.
სხვა სიახლეები
ნდობა ქართული ვალუტისადმი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი | ლაშა ხუციშვილი
22.06.2026.10:57
ნდობა ქართული ვალუტისადმი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ნდობა ქართული ვალუტისადმი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. ეს გამოიხატება დოლარიზაციის მაჩვენებელშიც, თუმცა ეს გამოიხატება ასევე ინვესტორების მხრიდან მოთხოვნაში და დამოკიდებულებაში ქართულ ფასიან ქაღალდებთან. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ უკვე შედეგებზე, ჩვენ გამოვუშვით 400 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციები, სადაც მოთხოვნა იყო 4.5-ჯერ მეტი ანუ 1.8 მილიარდი ლარის ოდენობით და მნიშვნელოვანია ის რომ თითქმის 1 მილიარდის მოთხოვნა იყო საერთაშორისო ინვესტორებიდან. საერთაშორისო ინვესტორები იმ კონკრეტულ მომენტში, გამოშვების მომენტში მზად იყვნენ ერთი მილიარდი ლარის ინვესტირება განეხორციელებინათ ქართულ ფასიანი ქაღალდებში, რაც ბუნებრივია ნიშნავს იმას რომ ნდობა არის ძალიან მაღალი. ჩვენ შევძელით რომ გამოშვების პროცესში ორჯერ შეგვემცირებინა საპროცენტო განაკვეთი. კუპონის განაკვეთმა შეადგინა 9% რაც იმ დროისთვის არის საბაზრო მაჩვენებელი. ამ გამოშვებით ცალსახად დაფიქსირდა ის რომ ნდობა ქართული ეკონომიკის მიმართ არის ძალიან მაღალი საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და აქტიურად მონაწილეობენ არა მხოლოდ ენდობიან, არამედ აქტიურად ინვესტირებას ახორციელებენ ქართულ ფასიან ქაღალდებში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ სამომავლოდ აუცილებლად გავაგრძელებთ აღნიშნულ ფორმატში ფასიანი ქაღალდების გამოშვებას. ეს არ იქნება ყოველკვურეული რა თქმა უნდა, ეს იქნება წელიწადში ერთი ან ორი გამოშვება ასეთ ფორმატში. ყოველკვირელი, რეგულარული გამოშვებები გაგრძელდება ტრადიციულად, თუმცა ყოველწლიურად გვექნება ჩვენ ასეთი ტიპის აქტივობა, სადაც საერთაშორისო ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ რომ ქართულ, ფასიან ქაღალდებში ინვესტირება განახორციელონ.