კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულია 12 ემისია, რომელთა მოცულობაც ჯამში 450.3 მლნ ლარია - ირაკლი გაბრიაძე
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა კომპანიებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობაში ეხმარება, - ამის შესახებ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილემ ირაკლი გაბრიაძემ კომპანია „ალმას“ მიერ ობიგაციების გამოშვების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისათვის პროგრამის ფარგლებში 12 ემისიაა განხორციელებული.
„მოხარული ვართ, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდა მორიგი ემისიების განხორციელება. ვულოცავთ კომპანია ალმას სადებიუტო ობლიგაციების გამოშვებას და მასთან ერთად ჩვენს პარტნიორებს - გალტ & თაგარტს და თიბისი კაპიტალს. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა მხარს უჭერს კომპანიების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. აღსანიშნავია, რომ ამჟამად პროგრამის ფარგლებში განხორციელებულია 12 ემისია, რომელთა მოცულობაც 450.3 მლნ. ლარს შეადგენს“, - ირაკლი გაბრიაძე, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე.
გარე სარეკლამო სექტორის წამყვანმა კომპანია ალმამ, გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, სააგენტოს აწარმოე საქართველოში „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სადებიუტო ობლიგაციების გამოშვება წარმატებით განახორციელა.
კომპანიის მიერ დამტკიცებული 40 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, ორი ტრანშის გამოშვება განხორციელდა:
• აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციები – 30 მილიონი დოლარი, 2 წლიანი ვადით, წლიური კუპონის განაკვეთით [8.50%], კუპონის ნახევარწლიური გადახდით.
• ევროში დენომინირებული ობლიგაციები – 8.5 მილიონი ევრო, 2 წლიანი ვადით, წლიური კუპონის განაკვეთით [7.25%], კუპონის ნახევარწლიური გადახდით.
აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე მაღალი ინტერესი დაფიქსირდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და განთავსებაში მონაწილეობა 150-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა მიიღო.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826