ქართული ფეხბურთი არამარტო იბრუნებს თავის დიდებას, არამედ კიდევ უფრო დიდებული მომავლის შესაქმნელად ემზადება - ლევან დავითაშვილი
პირველი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს
„ვერანაირი ემოცია ვერ გამოხატავს სრულყოფილად იმ სიხარულს, იმ სიამაყეს, იმ განცდებს, რაც გუშინ საქართველომ მიიღო - ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლებელი არაფერია და მთელმა მსოფლიომ ნახა ქართველი ფეხბურთელების პროფესიონალიზმი, უმაღლესი კლასი და ერთიანი, გუნდური ბრძოლა ერთ-ერთ ძლევამოსილ საფეხბურთო ნაკრებთან გამარჯვების მოსაპოვებლად. როცა ევროპის შუაგულში, მთელი მსოფლიო უყურებს და ემოციით იმეორებს ქართველი ფეხბურთელების გვარებს და სახელებს, როცა ქართული სპორტის არაერთ სახეობაში მიღწეული წარმატებების დროს სიამაყით აფრიალებულ ქართულ დროშას უკვე საფეხბურთო სტადიონებზეც ხედავს მილიონობით ადამიანი, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფაქტს, რომ საქართველო ევროპისა და მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილია, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ყველა შესაძლებლობა, თავის უმთავრეს მიზნებს მიაღწიოს" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ბევრისთვის იყო ეს შედეგი დაუჯერებელი, მაგრამ ახლა, არამხოლოდ ფეხბურთის გულშემატკივრები, არამედ მართლა მთელი საქართველო უდიდესი სიამაყით, უდიდესი თავდაჯერებულობითა და იმედით ელოდება საქართველოს ნაკრების მომდევნო გამარჯვებებს.
„დიახ, ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ ისტორია უკვე დაიწერა, ეს ნიშნავს, რომ მრავალი წლის შემდეგ ქართული ფეხბურთი არამარტო იბრუნებს თავის დიდებას, არამედ ახალი, კიდევ უფრო დიდებული მომავლის შესაქმნელად ემზადება, რომელიც, დარწმუნებული ვარ, არაერთ ლეგენდად დარჩება როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„მჯერა, გუშინდელი გამარჯვება ქართული ფეხბურთის უდიდესი მომავლის დასაწყისია და მსურს, უდიდესი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ფეხბურთელს, მთავარ მწვრთნელს, ფეხბურთის ფედერაციას და ყველას, ვინც თუნდაც უმცირესი წვლილი შეიტანა ამ გასაოცარი შედეგების მიღწევაში, მადლობა გულშემატკივრებს და მადლობა ყველა ადამიანს, ვინც თავისი მადლიერება გამოხატა საქართველოს ეროვნული ნაკრების მიმართ. ერთობით, შრომითა და მონდომებით კიდევ ბევრჯერ დავამტკიცებთ, რომ შეუძლებელი არაფერია" - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826