ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია ნიუ-იორკში
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და კორპორაცია „საფერიკას“ ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში საფერავის და ქარვისფერი ღვინოების მასშტაბური დეგუსტაცია „Saperavi & Amber Wine Grand Tasting“ გაიმართა.
ღონისძიებას ღვინის პროფესიონალები, კომერციული და მედია სექტორის წარმომადგენლები, ჯამში, 200-მდე სტუმარი დაესწრო. მონაწილეებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო და ქართული კერძები, მიიღეს ინფორმაცია როგორც ქართული ვაზის ჯიშების, ასევე საქართველოსა და ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისთვის ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კორპორაცია „საფერიკა“ 2022 წელს, აშშ-ში დაარსდა და მისი მიზანია ქართული ყურძნის ჯიშების და ქართული ღვინის სახეობების პოპულარიზაცია.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2023 წელს, აშშ-ში, პრეზენტაცია-დეგუსტაციებსა და საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენის პარალელურად, გააქტიურდა მედია კამპანიაც: სარეკლამო კლიპი მომზადდა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერისთვის, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა, ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი „Ancient Vines“ (უძველესი ვაზი) მოამზადა, საიმიჯო სტატიები დაიბეჭდა სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემაში (CNN, The Wall Street Journal, Men’s Journal, Imbibe, Wine-Searcher, SOMM TV, Forbes, Wine Enthusiast ).
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826