ქართული ღვინო საერთაშორისო იმპორტის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზეა წარმოდგენილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში მიმდინარე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ქართული ღვინის სტენდი დაათვალიერა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ,,აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, მიმდინარე წლის 5-10 ნოემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქ. შანხაიში, ქართული კომპანიები ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში China International Import Expo (CIIE) იღებენ მონაწილეობას. საქართველო აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილია სასურსათო პროდუქტებისა და საფეიქრო ინდუსტრიის (ე.წ. Consumer Goods) პავილიონებში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული საექსპორტო პროდუქტების სტენდზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ქართული ღვინის კუთხეს, სადაც საკუთარ პროდუქციას 15-მდე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია წარადგენს.
„მისასალმებელია, რომ ადგილობრივი პროფესიონალები და ღვინით დაინტერესებული ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას. ეს ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილეთ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ღვინის ეროვნულმა სააგენტომ აქტიური მარკეტინგული ღონისძიებები ჩინეთის ბაზარზე 2013 წლიდან დაიწყო. ამჟამად, ჩინეთში 40-მდე ქართული ღვინის სახლი, მაღაზია და სალონი მოქმედებს, ხოლო ღვინის ექსპორტს 90-მდე ქართული ღვინის კომპანია ახორციელებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილია ორ ლოკაციაზე: საექსპორტო პროდუქტების სტენდი და ქვეყნის პავილიონი (Country Pavilion), სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა უწყება, მათ შორის ღვინის ეროვნული სააგენტო, რომლებიც ვიზიტორებს მათი კომპეტენციის სფეროში არსებულ ყველა პროდუქტს აცნობენ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826