ქართული მობილური ბაზარი არაკონკურენტულია, რაც წინასწარი რეგულირების გარეშე არ შეიცვლება - ევროკავშირის ექსპერტები
კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული მობილური კომუნიკაციების ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგად, ევროკავშირის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მობილური კომუნიკაციების ქართული ბაზარი არაკონკურენტულია და ეს გარემოება წინასწარი რეგულირების გარეშე, სულ მცირე მომდევნო სამი წელი არ შეიცვლება, რითიც მომხმარებლები დაზარალდებიან. ბაზრის შესწავლის შედეგად, ექსპერტებმა „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები განსაზღვრეს. ComCom-მა დღეს კომპლექსური კვლევის შედეგები და გადაწყვეტილების პროექტი საჯარო განხილვებისთვის გამოაქვეყნა. იმ შემთხვევაში, თუ განხილვების შემდეგ კომისიის წევრები საბოლოო გადაწყვეტილებაში ევროკავშირის ექსპერტების დასკვნას გაიზიარებენ, „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორად გამოცხადდება და შესაბამისი ვალდებულებები დაეკისრება.
კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ევროკომისიის ბაზრის ანალიზის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, თავდაპირველად შესწავლილი იქნა მობილური მომსახურებების საცალო ბაზარი. კონკურენციის იდენტიფიცირებული პრობლემების შემდგომ, საჭირო გახდა შესაბამისი საბითუმო ბაზრების დადგენა და აღნიშნულ ბაზრებზე სამი კრიტერიუმის ტესტის ჩატარება პოტენციურად წინასწარ რეგულირებას დაქვემდებარებადი საბითუმო ბაზრების გამოვლენის მიზნით. შესწავლილი გარემოებების შედეგად ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მობილური მომსახურებების საცალო და მობილური დაშვების საბითუმო ბაზარი საქართველოში დაბალი დინამიურობით, ინოვაციების სიმწირითა და ასევე პროგრესის დეფიციტით ხასიათდება და ხაზი გაუსვეს, რომ წინასწარი (ex-ante) რეგულირების არ არსებობის პირობებში, ეს მოცემულობა არ შეიცვლება. აქედან გამომდინარე, პოტენციურად რეგულირებას დაქვემდებარებად საბითუმო ბაზარზე ჩატარდა დამატებით სიღრმისეული კვლევა, რომლის შედეგადაც, ევროკავშირის ექსპერტებმა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი გამოავლინეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები განსაზღვრეს, რაც, მათი მტკიცებით, მობილური მომსახურებების ბაზარზე არსებულ არაკონკურენტულ მდგომარეობას გააუმჯობესებს და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვან არჩევანს და ხელმისაწვდომ პირობებს შექმნის.
კომპლექსურ კვლევაზე დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომუნიკაციების კომისია ბაზრის ანალიზის შედეგებს 6 ივნისის, საჯარო სხდომაზე განიხილავს, ხოლო 17 მაისამდე დაინტერესებულ მხარეებს კომპლექსური კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, უკუკავშირის წარმოდგენა შეეძლებათ. გარდა ამისა, ორი წლის განმავლობაში, კომისიის მხრიდან კვლევის ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილი იყო საქართველოში არსებული ტელეკომ ოპერატორების ჩართულობა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. კომპლექსური კვლევა ორი წლის განმალობაში მიმდინარეობდა, ამ მასშტაბის კვლევა კი, აქამდე ქართულ ტელეკომ ბაზარზე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826