ყაზახეთი საქართველოსთვის გამორჩეულად მზარდი ტურისტული ქვეყანაა, ასევე მზარდი დინამიკით ხასიათდება ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მიმდინარეობისას არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი, მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა. მისივე თქმით, მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„ვისაუბრეთ ენერგეტიკის სექტორში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ასევე სხვა შესაძლებლობებზე, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომლებიც გულისხმობს მათ შორის ტურიზმის, ისევე როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცახდებით, ყაზახეთი საქართველოსთვის გამორჩეულად მზარდი ტურისტული ქვეყანაა, საიდანაც ყოველწლიურად იზრდება ტურისტული ნაკადი. ამასთან, ასევე მზარდი დინამიკით ხასიათდება ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში.
„მზარდი პირდაპირი ფრენების კვალდაკვალ ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველწლიურად იზრდება ტურისტული ნაკადი, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის სექტორზე და ხელს უწყობს აღნიშნულ სექტორში დასაქმებული მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერებას", განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
სხვა სიახლეები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმებს მოაწერა ხელი
29.06.2026.20:04
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს მოაწერა ხელი.
დოკუმენტებს ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ მოეწერა ხელი.
ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, ასევე ტურისტული პროდუქტებისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და დადებითად აისახება ქვეყნებს შორის ტურისტული ნაკადების ზრდაზე.
მემორანდუმი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ციფრული ეკონომიკის, საჯარო ციფრული სერვისებისა და ციფრული სწავლების განვითარებას ითვალისწინებს. დოკუმენტი ასევე ხელს შეუწყობს ქართული და ყაზახური სტარტაპებისა და IT - კომპანიების ურთიერთდაკავშირებას და გამოცდილების გაზიარებას.
ყაზახეთის მხრიდან დოკუმენტებს ხელი ტურიზმისა და სპორტის მინისტრმა ერბოლ მირზაბოსინოვმა და ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების მინისტრმა ჟასლან მადიევმა მოაწერეს.
საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.